ემზარ კვიციანის ოჯახი წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს

ემზარ კვიციანის ოჯახი წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს

ემზარ კვიციანის ოჯახი წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონების საკუთრებაში გადაცემას ითხოვს. ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ოჯახმა და ადვოკატებმა გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

კვიციანის ოჯახის ინფორმაციით, 2007 წლის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ ოჯახს ჩამოერთვა ბინები ჭავჭავაძისა და ქეთევან წამებულის გამზირებზე, ასევე მიწის ფართობი თელავში.

კვიციანის მეუღლის თეთნულდი ანსიანის განცხადებით, გარდა ამისა, უკანონოდ წაიღეს სახლიდან ავეჯი და მისი მეუღლის ავტომობილი.

„ჩემი ინფორმაციით, მანქანით ვიღაც ზონდერი სარგებლობდა. ახლა კი მანქანაც და ავეჯიც, ე.წ.„პეპელას" საწყობში ინახება. ვითხოვთ, რომ ბინა, რომელშიც ცხოვრების უფლება ღარიბაშვილმა მოგვცა, კანონიერად გადმოგვიფორმდეს", - განაცხადა თეთნულდი ანსიანმა.

ადვოკატების განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საფუძველი აქვს, უძრავი ქონება, რომელიც ემზარ კვიციანის ოჯახს ჩამოართვეს, ნამდვილ მესაკუთრეს დაუბრუნოს.