"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მას და ბიძინა ივანიშვილს თითქმის ყველა საკითხზე ცა და დედამიწასავით განსხვავებული ხედვები აქვთ.
ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან მისი გათავისუფლების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას Forbes Georgia-სთან ინტერვიუში იხსენებს.
"შეხვედრა სპონტანურად შედგა. წინა დღეს, როდესაც პოლიტიკურ საბჭოზე ვნახე ბიძინა ივანიშვილი, პირდაპირ ვუთხარი, რომ აქ მოსული ვარ ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებთან გამოსამშვიდობებლად, იმ პროცესის პატივსაცემად, რომელშიც ერთად ვიყავით და არ ვიყავით იქ მისული, რათა ივანიშვილთან გველაპარაკა, იმიტომ რომ ის არ წარმოადგენს, ფორმალურად მაინც, ყოველ შემთხვევაში, ამ საბჭოს წევრს. მეორე დღეს ჩვენ უბრალოდ შემთხვევით შევხვდით ჩვენი საერთო ნაცნობის მამის გასვენებაში და როდესაც მან შეხვედრა შემომთავაზა, მე დავთანხმდი, იმიტომ რომ, ელემენტარულად, ვთვლი, რომ კაცური, ასე ვთქვათ მოვალეობაც იყო ჩვენი, ერთხელ მაინც ყველაფრისთვის საკუთარი სახელი დაგვერქმია", - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე გაცვალეს ხედვები იმის თაობაზე, რა იყო ამ კრიზისის გამომწვევი მიზეზები.
"რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ცა და დედამიწა, ისეთი განსხვავებული ხედვები გვაქვს თითქმის ყველა საკითხზე, მაგრამ ერთი, რაც შემიძლია ვთქვა და ორივე მხრიდან აღვნიშნეთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყო, ჩვენ აღარა ვართ პარტნიორები არც პოლიტიკურად, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ამან სახელმწიფო არ უნდა დააზიანოს", - განაცხადა ალასანიამ.
ამასთან, თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ პასუხობს კითხვას, მიაჩნია თუ არა, რომ ახლანდელი მოვლენები ცნობილი ჩანაწერების ექოა.
"მე არასდროს არ გამიკეთებია კომენტარი ჩანაწერებზე, მის ავთენტურობაზე და არც ახლა მაქვს სურვილი, ამაზე ვისაუბრო", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ამ ჩანაწერებზე საუბარი ივანიშვილთან ან ღარიბაშვილთან არასდროს ჰქონია.