საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, ადამიანების ვიწრო ჯგუფს არ ესმის იმის მნიშვნელობა, თუ რატომ უნდა იყოს კიდევ უფრო ძლიერი პოლიცია , შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაარსებიდან ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
"ჩემთვის პირადად, კიდევ უფრო ძლიერი შინაგან სამინისტრო ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. ჩემი დევიზია- ძლიერი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ქართული სპეცსამსახურები. ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატების, განვითარების და წინსვლის საწინდარი.
მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მოქალაქეებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც სამწუხაროდ არ ესმით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, თქვენი მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობის ფასი", -განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, თითოეული პოლიციელი ემსახურება თავის ქვეყანას და თითოეული მათი დღე არის წარმატებული.
"მე მინდა ამ ადამიანებს ვკითხო, ვისაც არ სურთ თქვენი ძლიერება- რას აკეთებენ ისინი ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად? არაფერს! მათგან განსახვავებით, მეც, თქვენთან ერთად შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი მიღწევებით, დაუღალავი შრომით ქვეყნის გასაძლიერებლად. ჩვენ ასე გვესმის სახელმწიფოს ძლიერება, მშენებლობა. ეს გზა გაიარა ყველა ძლიერმა, წარმატებულმა ქვეყანამ მსოფლიოში და მე მინდა, რომ ეს გზა გავიაროთ ჩვენ ყველამ ერთად. მე მიგულეთ თქვენს რიგებში, როგორც ერთ- ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ვინაიდან კარგად ვიცი თქვენი მძიმე სამუშაო და მე ამას ვაფასებ", -განაცხადა ღარიბაშვილმა.