საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, თეორიულად შესაძლებელია პარლამენტმა ორივე კანონპროექტი მიიღოს.
ბერძენიშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში ის პროექტი ამოქმედდება, რომელიც პარლამენტის მიერ, პლენარულ სხდომაზე, ბოლოს იქნა მიღებული.
"ზოგიერთს ეჭვი შეეპარა, რომ პარლამენტის წევრებმა, თუ ისინი მხარს არ უჭერენ ნაუცბათევად მიღებულ კანონს, კითხვა არ იციან. მე კითხვა კარგად ვიცი. მე რომ კანონპროექტი წავიკითხე, იქ ვერაფერი ორგასაღებიანი და ორდონიანი ვერ ვნახე - პრიამბულა ხომ არ არის მარტო კანონი? როდესაც ლაპარაკია, რომ ერთი გასაღები აქვს შსს-ს და მეორე გასაღები ვიღაცას, ასეთი სისტემა არ არსებობს. გასაღები რად უნდა შსს-ს, როცა ყველაფერი აქვს. გასაღები სწორედ ისაა, ვინც მას მოსმენების უფლებას მისცემს და ჩაურთავს ან არ ჩაურთავს ამ სისტემას. ამიტომ განსხვავება ორ კანონს შორის, რომელიც პარლამენტისთვისაა შემოთავაზებული, როგორც სამართლიანად აღნიშნა ხმალაძემ, არის იმაში, თუ კერძოდ, ვინ ახორცელებს რეალურად გასაღების ფუნქციას - ის ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენი კანონპროექტი ასახელებს, თუ ის ორგანიზაცია და პიროვნება, რომელსაც ბესელიას კანონპროექტი ასახელებს. რაც შეეხება თეორიულ შანს, ორივე კანონპროექტის მიღების, როგორც მე იურისტებმა განმიმარტეს, ამის შესაძლებლობა არსებობს. თუ სწორად გავიგე, შეიძლება პარლამენტმა ერთი კანონპროექტიც მიიღოს და მეორეც. თუ პრეზიდენტმა ორივე კანონპროექტს მოაწერა ხელი ორივე შევა ძალაში. როცა ეს მოხდება, იქნება კონფლიქტი მათ შორის და ასეთ შემთხვევაში იმოქმედებს თურმე ის კანონპროექტი, რომელიც იქნება ბოლოს მიღებული პარლამენტის მიერ", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის და ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტები პარლამენტში განსახილველად ცალ-ცალკე კანონპროექტების სახით არის წარდგენილი და მათ მისაღებად დამსწრეთა უმრავლესობის ხმებია საჭირო. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პაკეტს საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა უჭერს მხარს. ვახტანგ ხმალაძის პროექტს მხარდაჭერას უცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელები", უმრავლესობის სხვა ფრაქციებიდან - ანი მიროტაძე, თამარ კორძაია, სავარაუდოდ, ელისო ჩაფიძე, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები". მისთვის ხმის მიცემას აპირებს საპარლამენტო უმცირესობა.