პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს მოქალაქეს აღარ აქვს განცდა, რომ პოლიციელი მას ებრძვის.
როგორც პრემიერმა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დაარსებიდან ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მთავრობა ყოველთვის დაიცავს პოლიციელის ინტერესებს.
"მთავრობა და პირადად მე, ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნები და ყოველთვის დავიცავ თქვენ ინტერესებს, ვინაიდან თქვენ იცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. ის რეფორმები, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელდა, განსაკუთრებით შთამბეჭდავია. მეტად მოკლედ დროში რადიკალურად შევცვალეთ მიდგომები მოქალაქეების მიმართ და თითოეული პოლიციელი ქვეყნის სამსახურში დავაბრუნეთ. დღეს მოქალაქეს აღარ აქვს განცდა, რომ პოლიციელი მას ებრძვის",-განაცხადა ღარიბაშილმა.
მისივე თქმით, დღეს მოქალაქეს პოლიციელის იმედი აქვს და ეს არის პოლიციის დამსახურება.
"დღეს საქართველო თქვენით ამაყობს და ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი. თქვენი სამსახური არის უაღრესად საპატიო, თქვენ ემსახურებით საქართველოს თითოელი მოქალაქის უსაფრთხოებას, მთელ საზოგადოებას თქვენ მიმართ განსაკუთრებული ნდობა აქვს და ეს თქვენი საქმით, 24-საათიანი დაუღალავი შრომით დაამტკიცეთ. ჩემთვის ძალიან საპატიო და საამაყო იყო ერთი წლის განმავლობაში მინისტრობა, ეს არის ურთულესი საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ, მე ვიცი, რომ თქვენი შრომა არის დაფასებული, მაგრამ ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული თქვენი დაუღალავი შრომა. სამწუხაროდ, ჩვენმა მოქალაქეებმა არ იციან იმ შრომის შესახებ, რასაც თქვენ ეწევით ჩვენი სამშობლოს დასაცავად, სახელმწიფოს გასაძლიერებლად, ადამიანებმა არ იციან, რაოდენ რთულია ის უძილო ღამეები, 24-საათიანი შრომა, რომელსაც თქვენ ეწევით. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ თქვენ მიმართ განსაკუთრებული ნდობა არსებობს. საზოგადოებაში ეკლესიის, ჯარის და პოლიციის ნდობა განსაკუთრებით მაღალია. ხშირად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გიწევთ საკუთარი მოვალეობის შესრულება და სწორედ, ამიტომაც არის თქვენი საქმე დასაფასებელი",-განაცხადა ღარიბაშვილმა.