"საპატრულო პოლიციის მუდმივი განვითარება ალექსანდრე ჭიკაიძისა და შსს-ს თანადგომის შედეგია“

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ცინარიძემ განაცხადა, ბოლო 2 წელიწადში გატარებულმა რეფორმებმა და ინოვაციებმა საპატრულო პოლიციის საქმიანობა უფრო სრულყოფილი და ეფეტური გახადა.

ამის შესახებ ცინარიძემ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი დაარსებიდან ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დავით ცინარიძემ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები გაიხსენა, რომლის თანახმადაც, „საპატრულო პოლიციის შექმნა ჩვენი ხალხი მონაპოვარია, ხოლო მისი შენარჩუნება და განვითარება კი თითოეული ჩვენგანის საზრუნავია“.

„პრემიერ-მინისტრის ზუსტად ეს სიტყვები არის სტიმული და პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანისთვის, რათა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა უფრო ეფექტურად და ხარისხიანად დაამკვიდროს საზოგადოებრივი წესრიგი და სიმშვიდე, დაიცვას ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლება. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მუდმივი განვითარება და სიახლეების სწრაფვა ჩვენი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძისა და შსს-ს თანადგომის შედეგია. მინისტრის მუდმივი თანადგომის შედეგია ჩვენი წარმატებული მუშაობაც“, - განაცხადა ცინარიძემ.

მისივე თქმით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ბოლო 2 წელიწადში გატარებულმა რეფორმებმა და ინოვაციებმა საპატრულო პოლიციის საქმიანობა უფრო სრულყოფილი, ხარისხიანი და ეფეტური გახადა.

„ბოლო 2 წლის მანძილზე მოხდა ფუნდამენტური რეფორმირება, დაინერგა უახლესი ტექნოლოგიები, აშენდა პოლიციისთვის შესაფერისი ახალი, თანამედროვე შენობები. შენდება ახალი გამტარი სასაზღვრო- გამშვები პუნქტები, განხორციელდა სხვადასხვა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, შეიქმნა ახალი ფორმის ტანსაცმელი, განახლდა საპატრულო პოლიციის ავტოპარკი და პოლიციელი მთლიანად აღიჭურვა ყველა საჭირო სპეციალური თანამედროვე საშუალებებით, ყოველივე ეს კი კიდევ ერთი წინაპირობაა იმისა, რომ საპატრულო პოლიციამ სრულყოფილად და ხარისხიანად დაიცვას ჩვენი მოქალაქეების და არა მარტო ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებადა ინტერესები“, - განაცხადა ცინარიძემ.

დავით ცინარიძემ 10 წლის განმავლობაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული 19 პოლიციელი გაიხსენა და მათი ხსოვნის მიმართ პატივსცემა გამოხატა.

„ამ პოლიციელების დამსახურებითა და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევით საპატრულო პოლიცია დღესაც მოწოდების სიმაღლეზეა და ღირსეულად აგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას“, - განაცხადა ცინარიძემ.