გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა არის პროცესი და მყისიერი შედეგები ამ მიმართულებით არ არსებობს

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა არის პროცესი და მყისიერი შედეგები ამ მიმართულებით არ არსებობს

საგარეო საქმეთა მინისტრ, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა არის პროცესი და რეცეპტები და მყისიერი შედეგები ამ მიმართულებით არ არსებობს, - ასე გამოეხმაურა თამარ ბერუჩაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ გაეროში საქართველოს მისიას ამ დრომდე არ მიუღია ინსტრუქცია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით სამუშაოს დაწყებაზე.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი საზოგადოება ასე ადევნებს თვალყურს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობას და იმ დეტალურ პროცედურულ ნაბიჯებს, რომელიც ზოგადად გათვალისწინებულია ჩვენს სამუშაო დღის წესრიგში, მაგრამ ასევე, განსაკუთრებით პროფესიონალებმა, ძალიან კარგად უნდა იცოდნენ და დარწმუნებული ვარ იციან, რა პროცედურას, დროს, კონსულტაციებს და ფორმატს მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა", - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ უკვე დაიწყო კონსულტაციები გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებთან და ამ თემაზე ასევე საუბრობს ყველა პარტნიორთან. ბერუჩაშვილის თქმით, უკვე 24 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კონტაქტზე იყო მისიასთან გაეროში.

"ეს ის სამუშაო პროცესია, რომელმაც ჩვენ უნდა მიგვიყვანოს ჩვენი ამოცანის შესრულებამდე, რომ შევძლოთ და მოვიწვიოთ ამ თემაზე უშიშროების საბჭოს სხდომა. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ეს არის პროცესი და მყისიერი რეცეპტები, მით უმეტეს შედეგები ამ მიმართულებით არ არსებობს. ეს არის ყოველდღიური სერიოზული ძალისხმევის საგანი. მთელი ქართული დიპლომატია მუშაობს და იმუშავებს. ამასთან ერთად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ პარალელურად არის სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ შესაბამისი რეზულტატი", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, ქართული დიპლომატია ყველაფერს დიპლომატიურად და ეფექტიანად გააკეთებს და ამის მაგალითად მინისტრი ასახელებს იმასაც, რომ საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი გამოეხმაურა და ერთგვაროვანი შეფასება მისცა რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას.