პაკეტით ფარული საგამოძიებო მოქმედებების ორდონიანი კონტროლი გაწერილი არ არის

პაკეტით ფარული საგამოძიებო მოქმედებების ორდონიანი კონტროლი გაწერილი არ არის

დეპუტატი თინა ხიდაშელი კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ორდონიანი კონტროლი გაწერილი არ არის.

"თქვენ სამჯერ ახსენეთ ორდონიანი კონტროლი. კანონში წარმოდგენილი უნდა იყოს ორდონიანი კონტროლის მექანიზმები, საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას. ის რაც წერია, კონტროლი არ არის", - განაცხადა ხიდაშელმა გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პროექტის ერთ-ერთი ავტორის ეკა ბესელიას მისამართით.

ხიდაშელმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტით, პროგრამას, რომლის მიხედვითაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა კონტროლი უნდა განახორციელოს, თავად შსს წერს.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პროექტი ფარული მოსმენების ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომელთაგან ერთი "გასაღები" შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება. როგორც ბესელიამ განმარტა, სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებას და ჩაწერის ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას შემდეგ დაიწყებს, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან ელექტრონული "გასაღების" გამოყენებით, თანხმობას მიიღებს. მისი მტკიცებით, პროექტით გათვალისწინებულია ორი მნიშვნელოვანი რამ - ადამიანის უფლებების დაცვა პირადი ცხოვრების ხელყოფისგან და სახელმწიფო უსაფრთხოება.