პატრიარქი თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

პატრიარქი თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან სტუმრად იმყოფებოდნენ თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ.

კონფერენცია მიმდინარეობდა სახელწოდებით "თურქეთელი ქართველები, სულიერი და მატერიალური კულტურა" და მისი ორგანიზატორი იყო საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტი. პატრიარქთან შეხვედრაზე ასევე ცნობილი თურქოლოგი ლია ჩლაიძე იმყოფებოდა, რომელმაც უწმინდესს თურქულიდან ქართულად ნათარგმნი მისი წიგნები გააცნო.

პატრიარქმა შეხვედრის მონაწილეები დალოცა და განაცხადა, რომ მათთან შეხვედრით ბედნიერია. უწმინდესმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთში მცხოვრები ქართველები ბედნიერი არიან, რომ საქართველოში იმყოფებიან. პატრიარქი დაინტრესდა რამდენი ქართველი ცხოვრობს ამჟამად თურქეთში და აქვთ თუ არა მათ ქართული ენის სწავლების შესაძლებლობა, თუ ხდება თურქულად ქართული წიგნების თარგმნა.

სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრის დირექტორმა თეჰნი უზალ უსტიაშვილმა ისაუბრა თურქეთში ქართული ენის სწავლების შესახებ და იმ მიზეზებზე, თუ რატომ დაივიწყეს თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა ქართული. მან აღნიშნა, რომ იმ სოფელში, სადაც ის ცხოვრობდა, 45 წლის წინ არაქართულად საუბარი სირცხვილად ითვლებოდა, დღეს კი ქართულად საუბარია სირცხვილი. სოფელში, სადაც ადრე 300-მე ქართვული ოჯახი ცხოვრობდა, დღეს დაახლოებით 60-70 ქართული ოჯახია დარჩენილი.

მისივე თქმით, თურქეთის სკოლებში ამჟამად მეექვსე-მეშვიდე-მერვე კლასელებს აქვთ ქართულის სწავლების შესაძლებლობა. შეხვედრაზე ითქვა, რომ ეს იმ შემთხვევაში, თუ ათი ბავშვის მშობელი განაცხადებს ქართული ენის სწავლების სურვილს. ასეთ შემთხვევაში მათთვის ქართული ენის კლასები იქმნება.

უსტიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ზრდასრულებისათვის ქართული ენის სწავლება სტამბოლში და სხვა თურქულ ქალაქებში არსებულ ქართულ ცენტრებში ხდება. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მათ ქართული ენის შესასწავლად "დედაენა" და ქართული ფოლკლორის შესასწავლად დისკები გადაეცეთ. "ხშირად უნდა ჩამობრძანდეთ. ხშირი მიმოსვლა უნდა იყოს. ვფიქრობ, კარგი იქნება ოჯახებთან დამეგობრება", - აღნიშნა შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.