რუსეთისთვის

რუსეთისთვის "ღრმად უმნიშვნელოა" დასავლეთი უარს რომ აცხადებს ამ შეთანხმების აღიარებაზე

რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ სლუცკის განცხადებით, დუმა რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას უმოკლეს ვადებში განახორციელებს. ამის შესახებ "იტარ-ტასი" იუწყება. რუსი დეპუტატი ამ შეთანხმების 2014 წლის ბოლომდე განხილვას არ გამორიცხავს. თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ ეს მომავალ წელსაც მოხდეს. "ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს უმოკლეს ვადებში განხორციელდება", - აღნიშნა ლეონიდ სლუცკიმ.

აღნიშნულ ე.წ. შეთანხმებაზე ნატო-ს, ევროკავშირისა და აშშ-ს რეაქციის კომენტირებისას, დუმის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რუსეთისთვის "ღრმად უმნიშვნელოა" დასავლეთი უარს რომ აცხადებს ამ შეთანხმების აღიარებაზე. "რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებელობა აღიარა და სრული უფლება გააჩნია, მასთან ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულებები გააფორმოს", - განაცხადა სლუცკიმ.