მოსკოვი-სოხუმი: გეოპოლიტიკური „კრეატიულობის“ ჟამი

მოსკოვი-სოხუმი: გეოპოლიტიკური „კრეატიულობის“ ჟამი

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აფხაზებს ეჭვები არ უნდა ჰქონდეთ, რომ ამ სფეროში მოსკოვი აფხაზეთის სუვერენიტეტის შეზღუდვას ცდილობს. კარგია თუ ცუდი, აფხაზები საგარეო პოლიტიკაშიც სრულიად რუსეთზე არიან დამოკიდებულნი: სოხუმს ძალიან სჭირდება სუვერენიტეტის აღიარების პროცესის გაგრძელება საერთაშორისო არენაზე, რომელიც ბოლო წლებში საერთოდ შეჩერდა. ჰოდა, რატომ არ შეიძლება რუსეთის ძალისხმევით გაგრძელდეს და ახალი იმპულსი მიეცეს ორი ქვეყნის დიპლომატიურ უწყებათა მოქმედების კოორდინირებას? მით უმეტეს, რომ რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობის ამ მიმართულებას რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მიესალმება და იწონებს.

და მაინც, რატომ აქვს  აფხაზური წრეების ზოგიერთ წარმომადგენელს გარკვეულად თავშეკავებული დამოკიდებულება ხელშეკრულებისადმი? როგორც ჩანს, აქ თავისი გავლენა მოახდინა შავი ზღვა-კავკასიის რეგიონებში მომხდარმა გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა... საერთოდ, რუსულ საექსპერტო გარემოში დომინირებს აზრი, რომ აფხაზეთმა მხოლოდ რუსეთთან უნდა განავითაროს კავშირები და რომ მას სხვა საგარეოპოლიტიკური ალტერნატივა არ აქვს. პრინციპში, ეს მართლაც ასეა, მაგრამ ამ საკითხის ასე კატეგორიულად მტკიცება კონტრპროდუქტიულია. უნდა გავიგოთ, რომ აფხაზმა ხალხმა თავისი დამოუკიდებლობა ომით გამოსჭედა და მას სუვერენიტეტი სამართალმემკვიდრეობის მშვიდობიანი აქტით არ მიუღია. კავკასიური მენტალიტეტი ვერ იტანს მინიშნებებს „უმცროსი ძმის" სტატუსზე, მით უმეტეს, თუ ეს ყველას დასანახად ხდება, მისგან გამომდინარე ყველა შედეგით. ხშირად რუსი ექსპერტები ვერ გრძნობენ ამ საკმაოდ ფაქიზ და იმავდროულად დელიკატურ ზღვარს კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის დროს. დღეს ამ ტიპის პოლიტიკა - „აბა ვნახოთ, რუსეთის გარეშე სად წახვალ" - უკვე საკმაოდ მოძველდა.

აფხაზეთს ამჟამად აქვს საგარეოპოლიტიკური ალტერნატივა, მართალია, ჰიპოთეტური, მაგრამ მაინც: თურქეთი. ჯერჯერობით ეს თეორიაა, რადგან თურქეთ-აფხაზეთის ურთიერთობა რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობის დონეს ვერ შეედრება, მაგრამ მოსკოვმა კავკასია-შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკურ პულსს უკვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. ამ საკითხში 2008 წელს მიღწეული წარმატების შემდეგ „მოდუნება" არ შეიძლება.

თურქეთს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობა არ უღიარებია და, შესაბამისად, აგრძელებს „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას". ანკარის პოლიტიკის აფხაზური მიმართულება მრავალი პოლიტიკური ნიუანსითაა შეზავებული. მათ შორის შესამჩნევი ადგილი უკავია თურქეთის მთავრობის პრიორიტეტს - კარგი ურთიერთობა ჰქონდეს აფხაზურ დიასპორასთან. ანკარის მიდგომები აფხაზეთის დამოუკიდებლობისადმი საკმაოდ ჰგავს ყირიმელი თათრების აქტივისტებთან დამოკიდებულებას. ბევრ „თურქ-აფხაზს" მაინცდამაინც დიდი სიხარულით არ მიუღია ის ფაქტი, რომ მათი ისტორიული სამშობლო რეგიონში რუსეთის უახლოესი პარტნიორი გახდა. მართალია, რაიმე მტრული დამოკიდებულება თურქეთში მცხოვრებ აფხაზებს რუსეთისადმი არ გამოუხატავთ, მაგრამ მათ ცნობიერებაში (კავკასიური ომების შედეგების) ისტორიული ხსოვნა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. შესაბამისად, თურქეთის ხელისუფლებას „აფხაზური პარტიის" გასათამაშებლად ხელში კარგი კოზირი ჩაუვარდა, რომლის გამოყენება მისთვის საჭირო დროს შეუძლია.

ამჟამად აფხაზეთთან თურქეთის არაოფიციალური კავშირები პრაქტიკულად მთლიანად აფხაზურ სათვისტომოთა კონტაქტებს ემყარება: აფხაზთაშორისო დიალოგი ხორციელდება ხაზით „სოხუმი - თურქეთის შავიზღვისპირა პროვინციები - ანკარა". აფხაზეთს საკმაოდ ხშირად სტუმრობენ თურქი ბიზნესმენები, ჟურნალისტები და პოლიტიკოს-პარლამენტარები, ვიზიტების ორგანიზებას აფხაზური დიასპორალური სტრუქტურები ახორციელებენ.

ამასთან, ანკარას არ აქვს რეალური ბერკეტები აფხაზეთში პოლიტიკური გარემოს ჩამოსაყალიბებლად: თურქეთიდან ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებული აფხაზი რეპატრიანტები რესპუბლიკაში რაიმე მნიშვნელოვან როლს არ ასრულებენ. ექსპერტთა ვარაუდით, 2014 წლისათვის აფხაზეთში მხოლოდ სამი ათასამდე რეპატრიანტი ცხოვრობს: თურქი და სირიელი აფხაზები, აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩასული აბაზები (აბაზინები). რაც შეეხება თურქეთში მე-19 საუკუნეში ჩასახლებულ აფხაზთა შთამომავლების რაოდენობას, მათი რიცხვი 800 ათასიდან მილიონამდეა, ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით კი, ისინი მხოლოდ 150 ათასია. აფხაზეთში აფხაზური პასპორტი დაახლოებით 2 ათასამდე „თურქ-აფხაზს" აქვს მიღებული.

და მაინც, აფხაზეთში თურქული „რბილი ძალა" არსებობს. მისი მნიშვნელობის შემცირება ან უყურადღებოდ მიტოვება დაუფიქრებელი მოქმედება იქნებოდა. იმავე რუსი ექსპერტების კვლევის თანახმად, არაოფიციალური „ჰორიზონტალური კავშირების" მეშვეობით ანკარას უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ოფიციალური პოზიციით. თურქი პოლიტოლოგებიც თვლიან, რომ ანკარა პერმანენტულად ეძებს კრეატიულ (არასტანდარტულ, ორიგინალურ) გადაწყვეტილებებს აფხაზეთის მიმართულებით. მაგალითად, თურქი ექსპერტი მუჰიტინ ოხსაგლამი მიუთითებს აფხაზეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის კავშირებზე, რომელიც 2008 წლის შემდეგ დაიწყო, თუმცა, მისივე თქმით, ჯერჯერობით ამ მიმართულებით რაიმე სტაბილური სისტემა ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

გეოპოლიტიკური „კრეატიული" გადაწყვეტილებების მიღება რეგიონში, სადაც სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ყირიმის რუსეთში შესვლითა და რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების დადებით, რუსული დიპლომატისგანაცაა მოსალოდნელი. ამ დოკუმენტით პოსტსაბჭოთა სივრცეში აფხაზეთის „სოციალიზაციის" ამოცანაც წყდება: რადგან არცერთმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ აღიარა, ეს ფაქტი ძალიან აბრკოლებს აფხაზთა ინტეგრაციას ევრაზიულ ეკონომიკურ ბლოკში. ჰოდა, შესაძლოა, სწორედ ამ ხელშეკრულების მეშვეობით მიაღწიოს აფხაზეთმა ფართო საერთაშორისო აღიარებას სხვა სახელმწიფოების მიერ.

http://ria.ru/cj_analytics/20141126/1035212950.html