პროექტში არაფერია ნათქვამი, რომ ინსპექტორი კონტროლს ინტერნეტკომუნიკაციაზე განახორციელებს

პროექტში არაფერია ნათქვამი, რომ ინსპექტორი კონტროლს ინტერნეტკომუნიკაციაზე განახორციელებს

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტით, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისას, ინტერნეტ-კომუნიკაციაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლი არ ვრცელდება. ინსპექტორის მეორე "გასაღები" მხოლოდ ფარულ სატელეფონო მოსმენებზე მოქმედებს.

ამაზე ყურადღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა შალვა შავგულიძემ გაამახვილა და პროექტის ერთ-ერთ ავტორს მიმართა კითხვით, ადგილი აქვს საკანონმდებლო ხარვეზს, თუ მიაჩნია, რომ ინსპექტორის კონტროლი მხოლოდ სატელეფონო მოსმენებზე უნდა გავრცელდეს.

"წამოდგენილი პაკეტის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მეშვეობით, ორგასაღებიანი სისტემის გამოყენებით კონტროლი მხოლოდ ფარულ სატელეფონო მიყურადღება-მოსმენაზე ხორციელდება. არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ორგასაღებიანი სისტემის გამოყენებით კონტროლს ინტერნეტ კომუნიკაციაზე განახორციელებს", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

პარლამენტში ფარული მოსმენების "გასაღების" თემაზე მომზადებული პროექტების განხილვა მიმდინაროებს. ამ წუთებში მსჯელობის საგანი ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის ავტორობით მომზადებული პროექტია.

ბესელიამ პარლამენტს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა შესთავაზა და განმარტა, რომ სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებას და ჩაწერის ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას შემდეგ დაიწყებს, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან ელექტრონული "გასაღების" გამოყენებით, თანხმობას მიიღებს.