საქართველოსა და ლატვიას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობა გაღრმავდება

საქართველოსა და ლატვიას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობა გაღრმავდება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ლატვიელ კოლეგას, იანის დუკლავსს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ოთარ დანელიამ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითად  მიმართულებებზე ისაუბრა და  ლატვიელ კოლეგას განხორციელებული პროექტების შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალისა და ევროპულ ბაზარზე დამკვიდრების პერსპექტივების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

,,სოფლის მეურნეობის მიმართულებით ლატვიის რესპუბლიკასთან სამომავლოდ ინტენსიური თანამშრომლობა იგეგმება. ლატვიის მხარე ხელს შეგვიწყობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების  მინისტრმა, იანის დუკლავსმა შეხვედრაზე აღნიშნა, ლატვია მზად არის საქართველოს მხარეს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესში. იანის დუკლავსის განცხადებით, საქართველოს რძისა და ხორცის წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია და ორ ქვეყანას შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობას რეალური პერსპექტივა აქვს.

აღსანიშნავია, რომ ლატვიის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების  მინისტრმა, იანის დუკლავსმა  ხელი მიაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის  გაღრმავებას  ითვალისწინებს.

ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილეები  იური ნოზაძე და ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.