რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, სამტრედიაში დეპოს ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, სამტრედიაში დეპოს ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის განცხადებით, სამტრედიაში დეპოს ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული პროფკავშირიდან აცნობეს, რკინიგზაში გაფიცვა გრძელდება და გაფიცულებზე ზეწოლამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

"სამტრედიაში, სალოკომოტივო დეპოს ტერიტორიაზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც დეპოში რკინიგზელებს არ უშვებენ და არც სამსახურის ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს აძლევენ გარეთ გასვლის უფლებას. გაფიცული რკინიგზელების განცხადებით, მათ პოლიციელებს შორის ვანისა და სამტრედიის პოლიციის უფროსები ამოიცნეს, რომლებმაც გაფიცულებს შემდეგი სიტყვებით მიმართეს: "თუ არ დაბრუნდებით სამუშაო ადგილებზე, სამსახურის დაკარგვის პრობლემის წინაშე დადგებით", _ აცხადებენ პროფკავშირში.

პროფკავშირის ინფორმაციით, სამტრედიაში, დეპოსთან მობილიზებულ პოლიციელებს შორის, გაფიცულებმა ასევე ამოიცნეს ის პოლიციელები, რომლებმაც 2011 წლის სექტემბერში ქუთაისში მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესის" გაფიცული მუშები და პროფკავშირის აქტივისტები დააპატიმრეს.

ასევე რკინიგზის პროფკავშირის განცხადებით, რკინიგზის ადმინისტრაცია გაფიცულებს ხელს უშლის გამოიყენონ კონსტიტუციით უზრუნველყოფილი გაფიცვის უფლება და ამას უკვე დაუფარავად აკეთებენ. საქართველოს პროფკავშირები საქართველს მთავრობას მოუწოდებს, შექმნილი კრიზისული სიტუაციის გადაჭრის საქმეში აქტიურად ჩაერთოს.