საქართველო იქნება ერთიანი, მთლიანი

საქართველო იქნება ერთიანი, მთლიანი

საქართველო იქნება ერთიანი, მთლიანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ლატვიის პრეზიდენტ ანდრეს ბერზინშისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ლატვიის პრეზიდენტთან საუბარი შეეხო უსაფრთხოების საკითხებსაც. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ორი დღის წინ, ბალტიის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაზე მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელმაც აფხაზეთის ინტეგრაციის თაობაზე რუსეთის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება დაგმო და მას ზუსტად ისეთივე შეფასება მისცა, როგორიც საქართველოს პარლამენტმა, ანუ ანექსიის მცდელობა.

"ჩვენი ბალტიელი მეგობრები მიგვანიშნებენ ერთ ფაქტზე, ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფო ოკუპირებული იყო საბჭოთა კავშირის მიერ და მრავალი ათეული წლის განმავლობაში ეს ოკუპაცია ოკუპაციად იყო მიჩნეული დემოკრატიული სამყაროს მიერ. მრავალი ათეული წლის შემდეგ დემოკრატიული სამყაროს არ აღიარების პოლიტიკა იყო ერთ-ერთი ფუნდამენტი საბჭოთა კავშირის დაშლის და ამ ქვეყნების გათავისუფლების, მათ შორის იმპერიისგან საქართველოს გათავისუფლების. ამაზე იმიტომ მიგვანიშნებენ, რომ ის პროცესები, რაც ახლა ვითარდება, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და შემდგომ ანექსიის მცდელობა, არ არის აღიარებული არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფოს მხრიდან. ამ არაღიარების პოლიტიკის საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ეს არ აღიარება დე ფაქტოდაც განხორციელდება. ორ დღეში? - ორ დღეში ვერა. ბოლოს როგორ იქნება? ბოლოს ისე იქნება, როგორც საერთაშორისო საზოგადოებას და საერთაშორისო სამართალს მიაჩნია, საქართველო იქნება ერთიანი, მთლიანი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ლატვიის პრეზიდენტის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ლატვიის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, კულტურის მინისტრი, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი და საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.