"მოსახლეობის 64 % აცხადებს, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა არ არსებობს"

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 55%-სთვის 150-წევრიან პარლამენტში 17 ქალი პარლამენტის წევრი ძალიან ცოტაა.

68% ამბობს, რომ მხარს უჭერს პარლამენტის მიერ სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას.

მოსახლეობის 70% ფიქრობს, რომ საქართველოს პარლამენტში ქალების რაოდენობა სულ მცირე 30% უნდა იყოს.

გამოკითხულთა 50 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ქალი პარლამენტის წევრების რიცხვის გაზრდა დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის განვითარებაზე.

NDI-მ  ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ ჩატარებული უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს "ქორთიარდ მარიოტში" წარმოადგინა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 10 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3, 885 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) დაფინანსებით, CRRC საქართველო ატარებს.