საქართველო, რიგის სამიტზე ევროინტეგრაციის პროცესში ერთი საფეხურით წინ წაიწევს

საქართველო, რიგის სამიტზე ევროინტეგრაციის პროცესში ერთი საფეხურით წინ წაიწევს

უკვე შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ საქართველო რიგის სამიტზე ერთი საფეხურით წინ წაიწევს ევროინტეგრაციის პროცესში , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ლატვის პრეზიდენტ ანდრის ბერზინშისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

შეხვედრა თბილისში, საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა და მას ესწრებოდნენ ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ლატვიის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, კულტურის მინისტრი, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი და საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ლატვიის პრეიზდენტისა და მთავრობის შვიდი წევრის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, სულ რამდენიმე კვირაში ლატვია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. რიგაში გაიმართება ევროკავშირის სამიტი, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების შემდგომ პერიოდს შეაჯამებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პირნათლად წარვდგეთ ამ სამიტზე. ლატვიელი მეგობრები, კოლეგები, პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გვიცხადებენ სრულ მხარდაჭერას. უკვე შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ რიგის სამიტზე საქართველო ერთი საფეხურით წინ წაიწევს ევროინტეგრაციის პროცესში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე შეფასებით, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საქართველოში ლატვიის პრეზიდენტთან ერთად ჩამობრძანდნენ ბიზნესწრეებისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

"ეს არის ნათელი დემონსტრირება იმისა, თუ რისი მიღწევა გვინდა ჩვენ ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენ გვინდა სწორედ ასეთი მეგობარი ქვეყნების გაჩენა, რომლებიც არ დაიშურებენ დროსა და ენერგიას. ნახევარი მთავრობა ორი დღით ჩამობრძანდა საქართველოში იმისათვის, რომ გაგვიზიაროს გამოცდილება, დაგვეხმაროს იმ საკითხებში, რაში დახმარებაც საქართველოს სჭირდება. ეს ყველაფერი მოაქვს ევროპულ ინტეგრაციას. ამ ტიპის თანამშრომლობები შეგვაძლებინებს ძალიან ბევრი მიმართულებით გაცილებით სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმას, ვიდრე ეს დღემდე ხდებოდა. ჩვენ უნდა დავეწიოთ ევროპას ყველაფრით, პირველ რიგში, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის დონით, დასაქმების, შემოსავლების, უსაფრთხოების დონით. ჩვენ სწორედ ამ თემებზე ვისაუბრეთ და ცხადია, შევეხეთ უსაფრთხოების საკითხებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.