სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია

სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით , სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და შესაბამისად, საქართველოს მხრიდან რეაიგრება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე არის ორიენტირებული.

ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადა სოხუმის აეროპორტი რუსეთს გადაეცემა და ამ მხრივ რუსული კომპანიის შერჩევა უკვე დაწყებულია.

"ამას არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და შესაბამისად, რეაგირება და ძალისხმევა ჩვენი მხრიდან უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე არის ორიენტირება, რომ მოხდეს მკაცრი დაგმობა და რეაგირება იმ მნიშვნელოვანი დოკუმენტისა, რომელიც იქნა გაფორმებული. ამას არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია და შესაბამისად, ეს საკითხი განიხილება იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც განიხილება ზოგადად ის ძალისხმევა, რაც ჩადო რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტეროტორიების ანექსიის თვალსაზრისით", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სოხუმის აეროპორტი რუსულ კომპანიას გადაეცემა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბუთბამ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და დისპეტჩერიზაცია სახელმწიფოს კუთვნილებაში დარჩება, დანარჩენი ნაწილი რუსულ კომპანიებს გადაეცემა. ამ ეტაპზე ვაწარმოებთან იმ სტრუქტურის ძიებას, რომელიც ამას საკუთარ თავზე აიღებს", - განაცხადა აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა.

ბესლან ბუთბას თქმით, აფხაზურ მხარეს უკვე აქვს რამდენიმე წინადადება რუსული კომპანიებისგან.