მთავრობა უსირცხვილოდ არწმუნებს ხალხს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსია ქვეყნის წარმატებაა

მთავრობა უსირცხვილოდ არწმუნებს ხალხს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსია ქვეყნის წარმატებაა

მთავრობა უსირცხვილოდ არწმუნებს ხალხს, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსია არის ჩვენი ქვეყნის წარმატება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა დღევანდელ სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის არაადეკვატურობა თვალსაჩინოა ყველა მიმართულებით.

"ორიოდე დღის წინ პუტინსა და ხაჯიმბას შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მეშვეობითაც რუსეთმა დაიწყო აფხაზეთის ანექსია. ასევე ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს რუსეთის სრულ სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დომინაციას ოკუპირებულ მიწებზე. როგორ მოქმედებს საქართველო ამ გადამწყვეტ დროს? მთავრობა ვერ ახერხებს საერთაშორისო კონსოლიდაციას ანექსიის საკითხთან დაკავშირებით. დღეს მერკელმა როდესაც განაცხადა ახალი სანქციების შესახებ რუსეთის წინააღმდეგ, საქართველო საერთოდ არ უხსენებია მიზეზთა შორის და ეს არის ღარიბაშვილის უსაგნო ბაქი-ბუქის შედეგი. კიდევ უფრო სამარცხვინოა პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომ მსოფლიო არ დაეხმაროს უკრაინას. ზაქარეიშვილი, წარმატებული პოლიტიკის შედეგს უწოდებს რუსულ ანექსიას და საკუთარი სამინისტროს მიღწევად თვლის ამას. ეს არის ტრაგიკული რეალობა, როდესაც მთავრობა ასე აზროვნებს და ამაზე მეტი დეგრადაცია უბრალოდ წარმოუდგენელია", - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, სხვას რას შეიძლება ეწოდოს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი თუ არა იმ გამონათქვამებს, რასაც გუშინ მთავრობის წარმომადგენელმა გააკეთა.

"მაინტერესებს, სად გამოვიდა მთავრობა, სად დაიცვა საქართველოს ინტერესი ამ ვითარებაში. საერთაშორისო განგაშის ატეხვის მაგივრად დადიან და სამარცხვინოდ ინტრიგანობენ მსოფლიოს პოლიტიკურ ფორუმებზე. ანექსიის დაწყების დღეს ლაპარაკობენ აფხაზეთის რკინიგზის გახსნის პერსპექტივებზე, ლაპარაკობენ ეკონომიკური პერსპექტივების გაღრმავებაზე რუსეთთან. "ოცნება" კვლავ და კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველო არის ომის ინიციატორი, ომის დამწყები, რომ ჩვენ დავბომბეთ მძინარე ცხინვალი და საქართველოს პროკურატურა იძიებს საქართველოს დანაშაულს ოსი ხალხის გენოციდში. ორი წელია ვხედავთ, რომ სამხედრო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოშალეთ, სამხედრო წარმოება გაყინეთ, ორი წელია ვუყურებთ თავდაცვის ზღუდეების დაკონსერვებას, განულდა სამხედრო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ვუყურებთ სრულ რეგიონულ იზოლაციას. ამ ორი წლისთავზე, განიარაღებული საქართველო დგას აგრესორის წინაშე და მთავრობა უსირცხვილოდ არწმუნებს ხალხს, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსია არის ჩვენი ქვეყნის წარმატება", - აღნიშნა წიკლაურმა.