უმცირესობამ მანანა კობახიძეს მიმართა, თავი პარლამენტის დირექტორი ნუ ეგონება

უმცირესობამ მანანა კობახიძეს მიმართა, თავი პარლამენტის დირექტორი ნუ ეგონება

პარლამენტის პლენარული სხდომის წამყვანი მანანა კობახიძე ოპოზიციონერ კოლეგებს არწმუნებს, რომ მას რეგლამენტი და განცხადებების გაკეთებისთვის განსაზღვრული პროცედურა არ დაურღვევია.

როგორც კობახიძემ სესიაზე განმარტა, განცხადებების გასაკეთებლად მისთვის მიწოდებულ სიაში ათი გამომსვლელი იყო ჩაწერილი – აქედან სამი გამომსვლელი უმრავლესობიდან, ხოლო შვიდი – უმცირესოდან, მათი რიგითობა კი, რეგლამენტის შესაბამისად გაანაწილა.

კობახიძის განმარტება "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა არ გაიზიარეს. უმცირესობის წევრების თქმით, დღევანდელ სესიაზე ადგილი ჰქონდა სიტყვით გამომსვლელთა რიგითობის დარვევას, რითაც შესაბამისი პროცედურა დაირღვა. მათ კობახიძეს მიმართეს, რომ " ის პარლამენტის დირექტორი არ არის".

აღნიშნულ საკითხზე პროტესტი უმცირესობის წევრებმა იმ ფორმითაც გამოხატეს, რომ დეპუტატების განცხადებების დასრულების შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნასთან ფინანსთა მინისტრის მოადგილის მისვლისას მაგიდაზე მუშტებს აბრახუნებნენ და მომხსენებელს საკითხის წარდგენაში ხელს უშლიდნენ.

ოთხშაბათის სხდომაზე განცხადებების გაკეთების წესს თავად პარლამენტის რეგლამენტი ადგენს, თუმცა უმრავლესობა და უმცირესობა თავის დროზე, ზეპირსიტყვიერად განცხადებების გაკეთების რიგითობის რეგლამენტისგან განსხვავებულ სქემაზე შეთანხმდა. რეგლამენტის თანახმად, განცხადებებისთვის პარლამენტის წევრები, დღის წესრიგის დამტკიცებამდე, განმცხადებელთა სიაში ეწერებიან, რომელიც სამდივნოში დგება და გამომსვლელთა თანამიმდევრობა განმცხადებელთა სიაში ჩაწერის რიგითობის მიხედვით განისაზღვრება. რეგლამენტის გათვალისწინებით, გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. უმცირესობისა და უმრავლესობის სიტყვიერი შეთანხმებით კი, განცხადებების დროს ჯერ უმცირესობის ორი წევრი და შემდეგ უმრავლესობის ერთი წარმომადგენელი გამოდის და გამომსვლელთა რიგითობა ამ პრინციპით ნაწილდება.

ოთხშაბათის განცხადებების წესზე ახალი შეთანხების წინადადებით ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ირმა ნადირაშვილი გამოვიდა. დეპუტატის თქმით, ამის საჭიროება უმრავლესობიდან "თავისუფალი დემოკრატების" გასვლით არის გამოწვეული.