საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ხელისუფლება და კერძოდ პრემიერ-მინისტრი, წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე ტყუილ შედარებებს აკეთებს.
როგორც ბობოხიძემ პარლამენტის პრლენარულ სხდომაზე აღნიშნა, მას არ მიაჩნია პრობლემად თუკი ხელისუფლება, წინა მთავრობას საქმის კეთებაში ეჯიბრება.
"არ მიმაჩნია პრობლემად, როცა ხელისუფლება წინა ხელისუფლების მიერ დაწყებულ პროექტებს ხსნის, ეს ასეც უნდა იყოს და თქვენც უნდა დატოვოთ რაღაც პროექტები, რომელსაც მომავალი ხელისუფლება გააგრძელებს. მაგრამ სირცხვილია, როდესაც წინა ხელისუფლების მიერ დაწყებულ პროექტებს ხსნი, პრემიერ-მინისტრი მყავს ამ შემთხვევაში მხედველობაში და უსირცხვილოდ სტყუი და უარესი არც იცი, რომ ეს პროექტი წინა ხელისუფლების დროსაა დაწყებული. ჩემი აზრით, "ცახესის" კომპლექსით ხართ შეპყრობილი, როდესაც ყველაფერი გინდათ მიიწეროთ, თქვენს მიერ დაწყებული, თუ თქვენს მიერ არ დაწყებული", - განაცხადა ბობოხიძემ.
დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის პაატა ბარათაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და მას წარსული შეახსენა.
"ჩემი მეგობარი ბატონი პაატა ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს, ზვიად გამსახურდიას დროს რუსის გენერალს, რომელიც გვპირდებოდა - სამაჩაბლოში ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც ამას საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი იტყოდა და რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდა. მაშინდელი ოპოზიცია მაშინაც ვეუბნებოდით ბატონ პაატას და მის უმრავლესობას, მერე შევარდნაძის უმრავლესობას, ახლა თქვენ, რომ რუსის არანაირი დაპირების ნდობა და მის იმედად ყოფნა არ შეიძლება, მაგრამ ამის არც ბატონ პაატას სჯეროდა, არც შევარდნაძის და სამწუხაროდ, არც დღევანდელ უმრავლესობას", – განაცხადა ბობოხიძემ.