ივანიშვილი და ღარიბაშვილი რუსეთში თავს ისე გრძნობენ, როგორც - ზვიგენი წყალში

ივანიშვილი და ღარიბაშვილი რუსეთში თავს ისე გრძნობენ, როგორც - ზვიგენი წყალში

ბიძინა ივანიშვილი და მისი მართული ღარიბაშვილი რუსეთის ფედერაციაში თავს ისე გრძნობენ, როგორც - ზვიგენი წყალში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა დღევანდელ საპარლამენტო სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილი და მისი მთავრობა რუსეთის ინტერესებით მოქმედებენ.

"როდესაც მთელი დასავლეთი ლაპარაკობს სანქციების ახალ ტალღაზე, ამ დროს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა შიშით კრთის ამ სიტყვის თქმაზე და მთელ ინვესტიციას დებს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე, პროექტზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის დანაწევრებას. რკინიგზაზე საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩვენი მოქალაქეების ზურგს უკან და ამაზე ჩვენ ვიგებთ რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებისგან. არც მთავარ მოქალაქეს, თქვენს მმართველს ბიძინა ივანიშვილს, არც მის მართულ ღარიბაშვილს არ ესმით, თუ რატომ ხდება ეს. მინდა, შემოგთავაზოთ ასეთი რაღაც. გავუშვათ ივანიშვილი სამეცნიერო კვლევითი მივლინებით რუსეთის ფედერაციაში, რადგან სწორად იქ გრძნობენ თავს ისინი თავს, როგორც ზვიგენი წყალში", - მიმართა ხელისუფლებას მინაშვილმა.

მისივე თქმით, პაატა ზაქარეიშვილი რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო თანამდებობიდან უნდა გადადეს. მისი თქმით, ხელისუფლებაშია ნეგატიური საოცრებების მთავრობა.

"გუშინდელმა და დღევანდელმა განცხადებებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ დასავლეთმა უკრაინას იარაღი არ უნდა მიაწოდოს. ანუ რა გამოდის? რუსეთს შეუძლია რეგულარული არმია შეიყვანოს უკრაინაში, რუსეთს შეუძლია თანამედროვე იარაღი შეიტანოს უკრაინის ტერიტორიაზე, ამაზე კი ჩვენი ხელისუფლება არანაირ რეაგირებას არ მოახდენს და პირიქით, დასავლეთს მოუწოდებს, რომ დახმარება არ აღმოუჩინონ უკრაინას. ჩვენ ვნახეთ გუშინ ზაქარეიშვილის განცხადება, რომ კახეთი, იმერეთი და საქართველოს სხვა რეგიონები არ უნდა გახდნენ აფხაზეთის მძევლები. ეს არის პირდაპირი გზავნილი საქართველოს დანაწევრების. თურმე, საქართველოს პატრიოტებს კახეთსა და იმერეთში არ უნდა ანაღვლებდეთ, რომ ასი ათასობით მოქალაქე იქნა გამოყრილი საკუთარი სახლებიდან, ათიათასობით ადამიანი იქნა მოკლული რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. გუშინ ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთის ანექსია წარმატებაა. ანუ გამოდის, რომ მისთვის მთელი საქართველოს ოკუპაცია და ანექსია გამარჯვება იქნება?! ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ემოციას არ უნდა ავყვეთ. რა არის ემოცია, საქართველოს ინტერესების დაცვა, ჩვნი მეგობრების შეწუხება და რა არის ემოცია, მუდამ იმაზე ლაპარაკი რომ ჩვენი მიწები არ უნდა მიიტაცონ, ჩვენი მოქალაქეები არ უნდა გაიტაცონ და აწამონ?! დარწმუნებული ვარ, რომ კრემლში გუშინ დიდი ოვაციები ატყდა ზაქარეიშვილის გამოსვლის შემდეგ, რაც მას ძალიან გაუხარდებოდა. მაგრამ, ქართველ ხალხს ასეთი მინისტრი არ უნდა და უნდა გადააყენოთ თანამდებობიდან", - აღნიშნა მინაშვილმა.