რიჩარდ ნორლანდი:  აშშ-ი ე.წ. შეთანხმების კანონიერებას არ აღიარებს

რიჩარდ ნორლანდი: აშშ-ი ე.წ. შეთანხმების კანონიერებას არ აღიარებს

საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას აშშ არაკანონიერად მიიჩნევს. ამის შესახებ რიჩარდ ნორლანდმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ელჩი ახლად დანიშნულ მინისტრს დღეს, პირველად შეხვდა.

მან დავით ბაქრაძეს პოსტზე დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ აშშ კვლავაც შეინარჩუნებს და გააგრძელებს იმ თანამშრომლობას, რომელიც მის წინამორბედთან ჰქონდა.

"ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე მთავარ საკითხზე, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას, ასევე შევეხეთ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ აშშ-ი არ აღიარებს ამ ე.წ. შეთანხმების კანონიერებას", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

მისი თქმით, დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიმდინარე ვალდებულებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ნატო-სკენ მიმავალ გზაზე.

"აშშ მხარს უჭერს საქართველოს ყველა იმ საკითხში და იმ მნიშვნელოვან პროცესში, რომელსაც გავლენა ექნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის", - განაცხადა ნორლანდმა.