თავისუფლების მოყვარულ ხალხს ივანიშვილი მალე ნახავს საქართველოს ქალაქებსა და ქუჩებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პარლამენტის დღევანდელ სესიაზე განაცხადა.
"თქვენ ორი წლის განმავლობაში არ შეისმინეთ საზოგადოების კრიტიკა, ხალხი მტრად გამოაცხადეთ ვინც განსხვავებული აზრი გამოთქვა. მიმაჩნია, რომ ივანიშვილის მთავრობისადმი ყოველგვარმა მოწოდებამ დაკარგა აზრი. ახლა დარჩა ერთადერთი გრძნობა, რომ ამ სამარცხვინო ხელისუფლებას ჩვენი ხალხი არ იმსახურებს. თავისუფლების მოყვარულ ხალხს ივანიშვილი მალე ნახავს საქართველოს ქალაქებსა და ქუჩებში. თუ ვინმეს რაოდენობა არ ყოფნის, რამდენჯერმე გაზრდილ რაოდეობასაც ნახავს. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი გამოიტანს მის განაჩენს, ვინც ასე უტიფრად მოატყუა ორი წლის განმავლობაში", - განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, მთავრობა პარალელურ რეალობაში ცხოვრობს და თავს იწონებს, მაშინ როდესაც ქვეყანაში კრიზისი სულ უფრო და უფრო მძაფრდება.
"მეცხრე ბლოკი გამოირთო, ლარის კურსი დაეცა, რკინიგზა არის გაფიცული, ფასები პროდუქტზე ყოველდღიურად დრამატულად იზრდება, ბიუჯეტი ვერ სრულდება, კრიმინალი მატულობს, კმაყოფილი მთავრობა კი ამ ვითარებაში ზრდის ისედაც ფანტასტიურ პრემიებსა და დანამატებს. არავის ეგონოს, რომ ეს არის შევარდნაძის საქართველოს აღწერა. ეს არის ივანიშვილის საქართველო, რომელიც არის ისეთივე უუნარო როგორიც იყო შევარდნაძის საქართველო. მისი მმართველობის მესამე, როგორც ამბობდა კარგ წელიწადს, ივანიშვილის ხელისუფლებას დაეცა დამბლა", - განაცხადა წიკლაურმა.