2014 წლის ბოლოსთვის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სატესტო მატარებლის გაშვება იგეგმება

2014 წლის ბოლოსთვის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სატესტო მატარებლის გაშვება იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელიც ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს, დამაკავშირებელი რგოლია დასავლეთ ევროპას, ცენტრალურ აზიას, ჩინეთსა და ინდოეთს შორის. ამის შესახებ პრემიერმა საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმზე განაცხადა, როემლსაც ლატვიის პრეზიდენტი, ანდრის ბერზინში ესწრებოდა.

"აღნიშნული ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ჩვენ ქვეყანას რეგიონში ბუნებრივ სატრანსპორტო და ბიზნეს ჰაბად აქცევს. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ მთელ რიგ მნიშვნელოვან რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში და ამავე დროს ვმუშაობთ ქვეყნის შიდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამ მიმართულებით პრემიერმა ხაზი გავუსვა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საქმეში.

"ეს რკინიგზა პირდაპირ დააკავშირებს საქართველოსა და თურქეთს, ხოლო მარმარას გვირაბის მეშვეობით შეიქმნება პირდაპირი კავშირი ევროპიდან და აღმოსავლეთიდან თურქეთის გავლით საქართველოსა და სხვა რეგიონალურ ქვეყნებთან", -განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, 2014 წლის ბოლოსთვის იგეგმება სატესტო მატარებლის გაშვება, ხოლო პროექტი დასრულდება 2015 წლისთვის. შესაბამისად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამოყენებით ტვირთების გადაადგილების პერიოდი 2-ჯერ შემცირდება.

"საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის შემდგომი განვითარების მიზნით, ვგეგმავთ ორ წელიწადში ახალი ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობას. პორტი იქნება მულტიფუნქციური და შესაძლებლობა ექნება მიიღოს მსხვილი ტიპის სატვირთო გემები. პროექტში მონაწილეობის სურვილი 12-მა კონსორციუმმა უკვე გამოხატა. პორტის გამტარუნარიანობა იქნება წელიწადში 100 მილიონი ტონა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთბრუნვას საქართველოს გავლით, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ ბაზრებს შორის სატვირთო გადაზიდვები უფრო სწრაფად და ნაკლები ხარჯებით იქნება შესაძლებელი", -განაცხადა ღარიბაშვილმა.