აფხაზეთის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწვევის მოთხოვნა სახელმწიფო მინისტრის აპარატმაც დაადასტურა

აფხაზეთის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწვევის მოთხოვნა სახელმწიფო მინისტრის აპარატმაც დაადასტურა

აფხაზეთის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწვევის მოთხოვნა დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმაც დაადასტურა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან გაცნობითი შეხვედრის შემდეგ განუცხადა. დავით ბაქრაძის თქმით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაც იყო.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისად, მათი მხარდაჭერის მოსმენა კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს შეეხება არა მარტო ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, მათ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და არაღიარებას იმ დოკუმენტისა, რომელსაც საერთაშორისო სამართლებრივად არანაირი ძალა არ გააჩნია, არამედ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ამერიკის ხმა კვლავ მკაფიოდ და ხმამაღლა გაისმას სწორედ ამ მიმართულებით. ეს შეეხება როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს, ასევე ეუთო-ს მინისტერიალს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს და ა.შ.", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დღეს კი თვითონ დაადასტურეს საქართველოს მოთხოვნა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, თუმცა სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.