პრემიერმა ლატვიის პრეზიდენტთან სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები განიხილა

პრემიერმა ლატვიის პრეზიდენტთან სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები განიხილა

ლატვიის პრეზიდენტისა და სამთავრობო დელეგაციის პატივსაცემად გამართულ სამუშაო სადილზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ანდრის ბერზინშიმ ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

პრემიერმა ანდრის ბერზინშს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო–ლატვიის ბიზნესფორუმი სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ლატვიის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია.

შეხვედრაზე პრემიერ–მინისტრმა შეშფოთება გამოხატა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოსკოვის მიერ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების გამო და ის ანექსიის დოკუმენტად შეაფასა. ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს. ლატვიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს.

სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ლატვიის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, აღმასრულებელი, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და ბიზნესმენები შედიან.

სამუშაო სადილის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ლატვიის პრეზიდენტი ბიზნესფორუმზე დასასწრებად ერთად გაემგზავრნენ.