აშშ იმედოვნებს, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები ისე წარიმართება, რომ პოლიტიკურად მოტივირებაზე ეჭვი არ დარჩება

აშშ იმედოვნებს, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები ისე წარიმართება, რომ პოლიტიკურად მოტივირებაზე ეჭვი არ დარჩება

ამერიკის შეერთებული შტატები უერთდება ბრიუსელში გამოთქმულ წუხილს და იმედოვნებს, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები წარიმართება ისე, რომ მათ პოლიტიკურად მოტივირებაზე არანაირი ეჭვი არ დარჩება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.

"გუშინ ყველა ვაკვირდებოდით, თუ რაოდენ წარმატებული შეხვედრები გამართა საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ ევროკავშირსა და ნატო-ში. ამავე დროს გამოითქვა წუხილი სამართლებრივი სისტემის იმგვარად გამოყენებასთან დაკავშირებით, რომ არ მოხდეს აღქმა საქმეების პოლიტიკური მოტივაციის საფუძველზე წარმართვის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატები უერთდება ამ წუხილს და გამოვთქვამთ იმედს, რომ ყველაფერი იქნება წარმართული ისე, რომ არ იქნება დარჩენილი არანაირი ეჭვი საქმის პოლიტიკურად მოტივირებულობასთან დაკავშირებით", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

რაც შეეხება შეკითხვას, უნდა მოხდეს თუ არა ე.წ. კაბელების საქმეზე გრიფით "საიდუმლოს" მოხსნა, ამერიკელი დიპლომატი აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას მოერიდა, თუმცა განმარტა, რომ დაცვის მხარეს მასალების გაცნობის საშუალება უნდა ჰქონდეს.

"რა მასალა უნდა გასაჯაროვდეს, ამასთან დაკავშირებით ჩემგან არ იქნება მიზანშეწონილი კომენტარის გაკეთება. ზოგადად შემიძლია აღვნიშნო, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში, როცა ადამიანს ბრალს უყენებენ, მისი წარმომადგენლის სახით დაცვის მხარეს უნდა მიეცეს საშუალება, გაეცნოს მასალებს. ამის შედეგად აწყობს ის, როგორ უნდა განახორციელოს დაცვა", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.