დავით ბაქრაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

დავით ბაქრაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-6 შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ბათუმში, ფორუმის მუშაობაში ყოველწლიურად "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების - აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის, ასევე, ევროკავშირის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროინტეგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

საქართველო აღნიშნულ ფორუმს პირველად მასპინძლობს. სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი ფორუმი მონაწილეებისთვის წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას შეაფასონ რეგიონში არსებული სიტუაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების საერთო დღის წესრიგის ხელშესაწყობად შეიმუშაონ პრიორიტეტები. ფორუმის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი თემატური სესიები: 1. ადამიანის უფლებები აღმოსავლეთ პარტნიორობაში: გაუარესების ფონზე ევროკავშირის ფოკუსის აღდგენა 2. აღმოსავლეთ პარტნიორობა უსაფრთხოების ახალ გარემოში: რუსეთის ფაქტორი, 3. პროპაგანდა და საინფორმაციო ომი კონფლიქტის დროს: როგორ უნდა ვიმოქმედოთ? 4. აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი: ხიდების აღდგენა და რეფორმების წინაშე მდგარი დაბრკოლებების დაძლევა.

ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის შეხვედრა 20-21 ნოემბერს გაიმართება.