პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, ე.წ. მოსმენების გასაღების თემასთან დაკავშირებით კანონპროექტის ოთხი ვარიანტია შემუშავებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ძიძიგურმა განუცხადა, პროექტის რიგით მეოთხე ვარიანტი არასამთავრობოთა შეჯერებული პროექტია.
"მოსმენების საკითხზე მხარს დავუჭერ პროექტს, რომელზეც შევჯერდებით. მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. არსებობს ოთხი ვარინტი, მაგრამ არ გეტყვით, რომელი ვარიანტისკენ ვიხრები. ყველა ამ ვარიანტს აქვს თავის არგუმენტი, საფუძველი და არსებობის უფლება", - აცხადებს ძიძიგური.
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების საკითხზე მმართველი გუნდის წევრები ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი და გედევან ფოფხაძე დღეს, შესაბამის სამუშაო ჯგუფს მათ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენენ. მათი კანონპროექტის მიხედვით, შემოდის ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომლიდანაც ერთი გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, მეორე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილის და გედევან ფოფხაძის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს მხარს უჭერს მთავრობა და მათ საკანონმდებლო ინიციატივაში დევს სწორედ ის მიდგომა, რაც საკითხისადმი მთავრობას აქვს. ამასთან, კანონპროექტის ცალკე ვარიანტს ამზადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ვახტანგ ხმალაძე.
როგორც ცნობილია, მოსმენებთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების საკითხზე პარლამენტში წარდგენილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება, რომლის განხილვაც არ დაწყებულა და საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული არ არის. არასამთავრობოთა შეთავაზება ასევე ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, ერთი გასაღები აქვს სასამართლოს, მეორე - ელექტრონულ კომპანიებს.