პარლამენტის ნდობის ჯგუფი სხდომას დღეს გამართავს. განხილული იქნება თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფინანსური ანგარიშების შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნები. გარდა ამისა, განხილვის საგანი იქნება თავდაცვის სამინისტროსა და "სილქნეტს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.
მისივე ცნობით, ნდობის ჯგუფის კიდევ ერთი სხდომა ჩატარდება დეკემბერში.
როგორც სესიაშვილმა განმარტა, მან სექტემბრის ბოლოს ყველა უწყებას მიმართა და საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებული მასალები გამოითხოვა. სესიაშვილის ცნობით, მასალები გაანალიზდება, დამუშავდება და განხილვისთვის ნდობის ჯგუფს, სავარაუდოდ, დეკემბერში წარედგინება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტის ნდობის ჯგუფს თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობის შესახებ მასალები უკვე გადაუგზავნა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, მასალები თავდაცვის უწყების მიერ 2011, 2012 და 2013 წლებში განხორციელებულ შესყიდვებს შეეხება.
პარლამენტის ნდობის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მის ხელთ არსებული მასალების გადაგზავნის თხოვნით გასულ კვირაში მიმართა.
ლაშა თორდიას განმარტებით, კითხვები არსებობს, როგორც ბაჩო ახალაიასა და დიმიტრი შაშკინის, ისე ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, თუმცა ისინი ე.წ. კაბელების და სამხედროების კვების საქმეებს არ უკავშირდება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის ივლისიდან ამოწმებს.