ჩვენი მიზანია, ვიპოვოთ უმოკლესი გზა ევროპაში დასაბრუნებლად

ჩვენი მიზანია, ვიპოვოთ უმოკლესი გზა ევროპაში დასაბრუნებლად

ნიდერლანდების სამეფოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს ჰააგის გლობალური სამართლის ინსტიტუტში, პოლიტიკოსების, ექსპერტების, დიპლომატებისა და საზოგადოების სხვადასხვა აკადემიური წრეების წარმომადგენლების წინაშე სიტყვით წარსდგა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ნიდერლანდების სამეფოში კოლეგის მიწვევით იმყოფება და ვიზიტის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნიდერლანდების სამეფოში ოფიციალური ვიზიტი შეაფასა, როგორც დროული და პროდუქტიული და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნიდერლანდები საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მრავალი გამოწვევის გადალახვაში დაეხმარება.

"ჩვენ აქ შევხვდით მეგობრებს, რომლებიც მოწადინებულნი არიან, განაგრძონ მხარდაჭერის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია საქართველოს მეტი დემოკრატიზაციის, ევროინტეგრაციისა და ქვეყნის უსაფრთხოების გამყარებისკენ",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ორი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა დასავლეთისთვის მეტ-ნაკლებად უცნობი ადამიანების ჯგუფი და დასავლელ მეგობრებს გაუჩნდათ კითხვები. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ორი წელი საკმარისი აღმოჩნდა ეჭვების გასაფანტად.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ქართველი ხალხისთვის ევროპულ ღირებულებებს ალტერნატივა არ გააჩნია და ევროპისკენ სვლა არის მოცემულობა.

"ჩვენი მიზანია, ვიპოვოთ უმოკლესი გზა ევროპაში დასაბრუნებლად", - განმარტა დავით უსუფაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, დავით უსუფაშვილმა საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ უმრავლესობის რიგებიდან "თავისუფალი დემოკრატების" გასვლა დანაკლისია, თუმცა, მნიშვნელოვანი სამთავრობო პოსტებისთვის შერჩეულნი არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ბიოგრაფიებითა და მუშაობით დაამტკიცებენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეცვლილა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელშეკრულების პროექტზეც, რომელიც, მისივე განმარტებით, ცალსახად მიუთითებს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მცდელობაზე.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მაქსიმალურად ცდილობს, რეზოლუციებითა და განცხადებებით საერთაშორისო თანამეგობრობა არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილოს.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარებაც.

"საქართველოსა და სომხეთის განსხვავებული საგარეო პოლიტიკური არჩევანი არ შეცვლის ჩვენს ურთიერთობას სომხეთთან. ჩვენ დავპირდით ჩვენს სომეხ მეგობრებს, რომ საქართველო არ გადადგამს არცერთ ნაბიჯს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც საზიანო იქნება სომხეთის ეკონომიკური თუ სხვა ინტერესებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენც იმავეს ველით ჩვენი სომეხი მეგობრებისგან," - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, გრძელდება აქტიური თანამშრომლობა აზერბაიჯანსა და თურქეთთან, რომლებთან ერთადაც საქართველო მრავალ ამბიციურ რეგიონულ პროექტზე მუშაობს, მათ შორის, რკინიგიზის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტებზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმ "კორიდორის" მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც ამჟამად ცხინვალის საოკუპაციო ხაზსა და სომხეთში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზა "გიუმრის" შორის მდებარეობს. როგორც დავით უსუფაშვილმა განმარტა, სწორედ ამ კორიდორის დაკავების შემთხვევაში, რუსეთი რეგიონს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

დავით უსუფაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებასა და ყირიმის ანექსიაზე საუბრისას, არ დაივიწყონ საქართველოში მიმდინარე ოკუპაცია და რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების პროექტი.

"ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენი მეგობრებისადმი არის შემდეგი: არ დაივიწყონ საქართველო. მართალია, უკრაინა იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, მაგრამ საქართველოს საკითხიც იმავე კონტექსტში უნდა იქნეს განხილული", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე შეფასებით, საქართველოსა და უკრაინაში განვითარებული მოვლენები ერთმანეთისგან იზოლირებული არ არის.

სიტყვით გამოსვლისას, დავით უსუფაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთთან მიმართებაში მეტად ქმედუნარიანი და ეფექტური ზომების მიღებისკენ მოუწოდა.