ე.წ. მოსმენების გასაღების თემასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი პარლამენტში ხვალ შეიკრიბება. სავარაუდოდ, სწორედ ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, მოახერხებენ თუ არა მხარეები პოზიციების შეჯერებას, ერთიან პროექტზე შეთანხმებას და რა ტიპის კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 15:00 საათისათვის დაინიშნა.
20 ნოემბერს იწურება ვადა, როცა პარლამენტში ელექტრონულ კომუნიკაციებზე წვდომის "გასაღებთან" დაკავშირებით შესაბამისი კანონპროექტის რეგისტრირება უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა პრეზიდენტის ინიციატივით, ვეტოდადებული პროექტის ნაცვლად დამტიცებული კანონის მოთხოვნა, რომელიც აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების ვადად პარლამენტს მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს უწესებს.
ამ თემაზე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, რომ 20 ნოემბრისთვის პარლამენტს სულ მცირე ერთი კანონპროექტი მაინც წარედგინება. პარლამენტისთვის რამდენიმე პროექტის წარდგენას ელის დეპუტატი შალვა შავგულიძე. მისი ცნობით, "არსებობს პროექტის მონახაზი, ამ თემაზე ცალკე იმუშავა მთავრობამ და შეიძლება განსახილველად რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი შევიდეს".
მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე კი ამბობს, რომ ფარული მოსმენების ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტში მთავრობის კანონპროექტის ინიცირება არ იგეგმება. თადუმაძის განმარტებით, 20 ნოემბრამდე დარჩენილ დროში მთავრობის სხდომა არ ტარდება, სადაც პარლამენტში წარსადგენად რაიმე კანონპროექტი გავა და შესაბამისად, 20 ნოემბრისთვის მთავრობას პარლამენტში არანაირი პროექტი არ შეაქვს.
ამასთან, დაახლოებით ორი კვირის წინ, ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან პერსონალური მონაცემების მოპოვებასთან დაკავშირებით პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების საკანონმდებლო წინადადება წარედგინა, თუმცა მასზე კომიტეტებში არ უმსჯელიათ - ამ დროისთვის უცნობია, მოხდება თუ არა ეკა გიგაურის, ლაშა ტუღუშის, ზვიად ქორიძის, კახა კოჟორიძის და ლიკა საჯაიას საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტის სახით ინიცირება.
მათი პროექტი ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომლის თანახმად, სამართალდამცავ ორგანოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ კომუნიკაციის მიღება, თუ ინფორმაციაზე დაშვებას ტექნიკურად ერთდროულად ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია და სასამართლო განახორციელებს.