პრემიერის პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილისა და მარტინ შულცის განცხადებების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

პრემიერის პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილისა და მარტინ შულცის განცხადებების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ერთობლივ პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დიდი იმედით უყურებს დეკემბერში ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, რასაც უდიდესი საკანონმდებლო, პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ევროპეიზაციის გენერალურ გეგმას წარმოადგენს, რომლის ეფექტურ განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

"ჩვენი მთავარი პრიორიტეტია დემოკრატიის კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობისა და სამაგალითო მმართველობის განმტკიცება, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებით საქართველო საბოლოოდ იქცევა სტაბილურ და ქმედით პლურალისტური დემოკრატიის ქვეყანად, რომელშიც უზრუნველყოფილია კონტროლისა და ბალანსის ეფექტური მექანიზმები და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღება დაასახელა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის წარმატებით დასრულებას.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ახალი რეალობის დრო დადგა და ამ პროცესში მთავრობა ევროპარლამენტთან დიალოგის გაღრმავებისთვის მზად არის.

"ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის შექმნას, როგორც ეს გათვალისწინებულია ასოცირების ხელშეკრულებით. ამ კომიტეტის მიზანი იქნება საპარლამენტო დონეზე სიღრმისეული პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო დიდ იმედს ამყარებს ევროპარლამენტის ურყევ მხარდაჭერაზე, რათა მტკიცედ იყოს დაცული სუვერენიტეტისა და ჩაურევლობის ძირეული პრინციპები და თითოეული ქვეყნის უფლება, თავად განსაზღვროს და წარმართოს თავისი საგარეო პოლიტიკა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს მიულოცა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანაა და აღნიშნა, რომ მასთან შეხვედრით მოხარულია. მარტინ შულცმა დემოკრატიული რეფორმების პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

"ჩვენ შევეცდებით, დავაჩქაროთ ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი",- განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.