პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ააიპ "თანადგომა და სამართლიანობის" საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო წინადადებით ცვლილებები შედის საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში, რომლის მიხედვით უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლება მოხდება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც მოვალეთა დაცვის დამატებით გარანტიას შექმნის.
"აღიარებულია, რომ საკუთრების ხელყოფა, ჩამორთმევა, გამოსახლება სასამართლოს განსჯადი საკითხებია. ჩვენ ვფიქრობთ, მეტი სამართლიანობით თვით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, იმისთვის, რომ მევალის ინტერესიც იყოს დაცული და კრედიტორის ინტერესიც, ასეთ ვითარებაში კარგი იქნება გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანო სასამართლო იყოს. ჩვენ ამ წინადადებას ამიტომ დავუჭირეთ მხარი", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.
მისივე ინფორმაციით, საკანონმდებლო წინადადება იურიდიულმა კომიტეტმა უნდა განიხილოს. საკითხის განხილვას კომიტეტის სხდომაზე ესწრებოდა "თანადგომა და სამართლიანობის" თავმჯდომარე ნანა ქადაგიშვილი. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კომიტეტის გადაწყვეტილებით უაღრესად კმაყოფილია.
სხდომის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან იპოთეკით დაზარალებულ პირთა აქცია მიმდინარეობდა. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლების შეჩერებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ბინების გამოსასყიდად სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი სესხების გაცემა.
კომიტეტის გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, ისინი მომავალი სამოქმედო გეგმის შესახებ მოითათბირებენ და დაიშლებიან.