როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განუცხადა, 20 ნოემბრამდე დარჩენილ დროში მთავრობის სხდომა არ ტარდება, სადაც პარლამენტში წარსადგენად რაიმე კანონპროექტი გავა და შესაბამისად, 20 ნოემბრისთვის მთავრობას პარლამენტში არანაირი პროექტი არ შეაქვს.
"20 ნოემბერს მთავრობა არ არის და შესაბამისად, პარლამენტში ვერანაირ კანონპროექტს ვერ შემოვიტან. აღნიშნული კანონპროექტის შემოტანა მთავრობის ვალდებულება არ არის - პარლამენტის ვალდებულებაა ის 1 დეკემბრამდე მიიღოს", - აცხადებს თადუმაძე.
20 ნოემბერი ის ბოლო ვადაა, როცა პარლამენტში ელექტრონულ კომუნიკაციებზე წვდომის "გასაღებთან" დაკავშირებით შესაბამისი კანონპროექტის რეგისტრირება უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა პრეზიდენტის ინიციატივით, ვეტოდადებული პროექტის ნაცვლად დამტიცებული კანონის მოთხოვნა, რომელიც აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების ვადად მიმდინარე წლის 1 დეკემბერს აწესებს.
ამ თემაზე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, რომ 20 ნოემბრისათვის პარლამენტს სულ მცირე ერთი კანონპროექტი მაინც წარედგინება, თუმცა ხმალაძე არ აკონკრეტებს ამ დროისთვის არის თუ არა მზად პროექტის სამუშაო ვარიანტი და როგორ არის რეგულირებული ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან პერსონალური მონაცემების მოპოვებასთან დაკავშირებული საკითხები.
პარლამენტისთვის რამდენიმე პროექტის წარდგენას ელის დეპუტატი შალვა შავგულიძე. დეპუტატის ცნობით, "არსებობს პროექტის მონახაზი, ამ თემაზე ცალკე იმუშავე მთავრობამ და შეიძლება განსახილველად რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი შევიდეს".
ამასთან, დაახლოებით ორი კვირის წინ, ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან პერსონალური მონაცემების მოპოვებასთან დაკავშირებით პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების საკანონმდებლო წინადადება წარედგინა, თუმცა მასზე კომიტეტებში არ უმსჯელიათ - ამ დროისთვის უცნობია, მოხდება თუ არა ეკა გიგაურის, ლაშა ტუღუშის, ზვიად ქორიძის, კახა კოჟორიძის და ლიკა საჯაიას საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტის სახით ინიცირება.
მათი პროექტი ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომლის თანახმად, სამართალდამცავ ორგანოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ კომუნიკაციის მიღება, თუ ინფორმაციაზე დაშვებას ტექნიკურად ერთდროულად ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია და სასამართლო განახორციელებს.