სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გარკეული უფლებამოსილებები სათათბირო ორგანოს ფუნქციებს სცდება , - ასეთ დასკვნას პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის საფუძველზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე აკეთებს.
შესაბამისი შენიშვნები პარლამენტში წარდგენილ პაკეტთან დაკავშირებით კვერენჩხილაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დააფიქსირა, სადაც "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.
პროექტის მთავარ ნოვაციას პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, როგორც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მაკოორდინირებელი უწყების კომპეტენციათა კანონის დონეზე გაწერა წარმოადგენს. მასზე გადადის ის ფუნქციები, რაც აქამდე ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეროგატივას განეკუთვნებოდა - პროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია საბჭოს ფარგლებში მოხდება, რასაც აქამდე ახორციელებდა პრეზიდენტი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და აკეთებდა ეროვნული უშიშროების საბჭო.
როგორც კვერენჩხილაძემ საკითხის განხილვისას განაცხადა, რთულად წარმოსადგენია როგორ უნდა ჰქონდეს სათათბირო ორგანოს საზედამხედველო, მაკოორდინირებელი, მაორგანიზებელი და ზოგ შემთხვევაში, მართვის განხორციელების ფუნქციები. მისი თქმით, ეს სათათბირო ორგანოს ფუნქციებს სცდება და უფრო აღმასრულებელ–განმკარგულებელი ბუნების მქონე ორგანოს ემსგავსება.
კვერენჩხილაძის შენიშვნები კომიტეტის წევრებმაც გაიზიარეს. როგორც საკითხის განხილვისას მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის მხრიდან აღინიშნა, შესაბამისი ნომრები ამ თვალსაზრისით უფრო მკაფიოდ გაიწერება.