საგარეო უწყების განცხადებით, ერთ-ერთ სინაგოგაში მომხდარ ტერორისტულ აქტს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და მთლიანად, ისრაელის ხალხს. ამგვარი სასტიკი და არაჰუმანური ქმედებები უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს, რომელიც მკაცრად უნდა იქნას დაგმობილი საერთაშორისო საზოგადოების მიერ",-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
18 ნოემბერს დილას ცეცხლსასროლი იარაღით, ცულებით და დანებით შეიარაღებული ორი პალესტინელი ტერორისტი ებრაული რელიგიური სასწავლებლის, იეშივას ტერიტორიაზე შევიდა და სინაგოგაში მლოცველებს დაესხა თავს.
ტერორისტების თავდასხმას ოთხი მშვიდობიანი ისრაელელი ემსხვერპლა, ოთხი – მძიმედაა დაჭრილი, ოთხს კი საშუალო სიმძიმის დაზიანება აქვს მიღებული. შემთხვევის ადგილზე მყოფმა უსაფრთხოების წარმომადგენლებმა ორივე ტერორისტი გაანეიტრალეს.