უწყების განცხადებით, 17 ნოემბერს გამართული სხდომა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით ამოქმედდა ახალი ინსტიტუციური ჩარჩო, რომელსაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს, კერძოდ ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტები და დარგობრივი ქვეკომიტეტები.
ასოცირების საბჭოს პირველ სხდომაზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკავშირის მხრიდან კი შეხვედრას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი ხელმძღვანელობდა.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ ვიცე-პრემიერ მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე.
ევროკავშირის მხრიდან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.
საბჭოს პლენარულ სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური თემები და პრიორიტეტები, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და 2015 წლის მაისში დაგეგმილი რიგის სამიტისთვის საქართველოს ხელისუფლების სამომავალო გეგმები განიხილეს.
ამასთან, ასოცირების საბჭომ ფორმალურად დაამტკიცა „ასოცირების დღის წესრიგი“, რომელიც 2014-2016 წლებისთვის ასოცირების შეთანხმების განხორციელების ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს და თანამშრომლობის
პლენარულ სხომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი შეუქცევადია და ამ არჩევანს ქვეყნის ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია და მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს.
ევროკავშირი საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით, კერძოდ ქმედითი შიდა საკოორდინაციო მექანიზმების ჩამოყალიბებას მიესალმა.
მხარეები ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმის მეორე ფაზაზე გადაყვანის შესახებ მიესალმნენ და გამოითქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში, მუვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ქვეყნის მიერ შესაბამისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების საფუძველზე მიღწეული იქნება.
სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას, მათ შორის ბოლო დროს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში განვითარებულ მოვლენებს და ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერების პერსპექტივებს.
ამ კუთხით, ხაზი გაესვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა და სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის მნიშვნელობას.
ევროკავშირმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ასოცირების საბჭოს შემდეგ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივი პრეს-კონფერენცია და სამუშაო ვახშამი გაიმართა. შეხვედრასთან დაკავშირებით ერთობლივი პრეს-რელიზი გაკეთდა. (ქართულად: http://eeas.europa.eu/delegations/georgia/documents/news/2014/20141117_01_ka.pdf ინგლისურად: http://eeas.europa.eu/delegations/georgia/documents/news/2014/20141117_01_en.pdf ).
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა მიგრაციისა და საშინაო საქმეების ევროკომისართან დიმიტრის ავრამოპულოსთან, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისართან სესილია მალმსტრომთან, ასევე ნატო-ს გენერალურ მდივანთან იანს სტოლტენბერგთან.
მხარეებმა შესაბამისი მიმართულებებით ურთიეთობების აქტუალური თემები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.