სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ეწვია. გიორგი მღებრიშვილი აშშ-ში საქართველოს სრულუფლებიან ელჩს არჩილ გეგეშიძეს და და საელჩოს თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა უწყებაში მიმდინარე რეფორმებსა და ძირეულ ცვლილებებზე ისაუბრა. საელჩოს თანამშრომლები პენიტენციური სისტემის მიღწევებით, მიმდინარე რეფორმებით და სამომავლო გეგმებით დაინტერესდნენ. გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროში ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელთა შედეგად საქართველოს პენიტენციური სისტემა უფრო მეტად დაუახლოვდა დასავლურ სტანდარტებს.
მინისტრი ადგილზე საელჩოს მუშაობასაც გაეცნო. შეხვედრის დასრულების შემდეგ თანამშრომლებს გაწეული მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საელჩოს მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მიღწევების საერთაშორისო ასპარეზზე დასაფიქსირებლად, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი კვირა გაგრძელდება. მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ვაშინგტონში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში, შეხვედრები დაგეგემილია იუსტიციის დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში, ასევე ვისკონსინის შტატის გუბერნატორთან და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან.