პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ახალი რეალობის დრო დადგა.
როგორც მან ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ პროცესში საქართველო მზად არის დიალოგი გააღრმავოს ევროპარლამენტთანაც.
"გუშინ შედგა ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა, რომელიც კიდევ ერთი ისტორიული მოვლენაა საქართველოს ევროპულ გზაზე. ამ სხდომაზე ჩვენ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანეთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი და ჩამოვაყალიბეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ახალი ინსტიტუციური ჩარჩო. ამ კონტექსტში ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის შექმნას, როგორც ეს გათვალისწინებულია ასოცირების ხელშეკრულებით. ამ კომიტეტის მიზანი იქნება საპარლამენტო დონეზე სიღრმისეული პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის თავმჯდომარემ ევროპარლამენტს მადლობაც გადაუხადა იმ განცხადებებისთვის, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მის რეზოლუციაში ჩაიწერა.
"მადლობა ევროპარლამენტს მძლავრი განცხადებებისათვის, რომლებიც შევიდა მის რეზოლუციებში საქართველოს ევროპული პერსპექტივის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, ასევე იმ ძალისხმევისათვის, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.