ჩვენი მთავარი პრიორიტეტია დემოკრატიის კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობისა და სამაგალითო მმართველობის განმტკიცება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერის განმარტებით, მისი ამბიციაა, რომ ქვეყანა რეგიონში წარმატების მაგალითად აქციოს.
"ჩვენი მთავარი პრიორიტეტია დემოკრატიის კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობისა და სამაგალითო მმართველობის განმტკიცება, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებით საქართველო საბოლოოდ იქცევა სტაბილურ და ქმედით პლურალისტული დემოკრატიის ქვეყანად, რომელშიც უზრუნველყოფილია კონტროლისა და ბალანსის ეფექტიანი მექანიზმები და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩემი ამბიციაა, ვაქციო ჩემი ქვეყანა რეგიონში წარმატების მაგალითად, რისთვისაც გამოყენებული იქნება ევროინტეგრაციის პროცესის ტრანსფორმაციული ძალა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღება არის საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
"ეს წარმოადგენს საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ შედეგს და საქართველოს რიგით მოქალაქეებს მოუტანს ხელშესახებ სარგებელს. საქართველომ წარმატებით დაასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპი, რაც დადასტურდა კიდეც კომისიის უკანასკნელ, მეორე ანგარიშში პროგრესის შესახებ. ამით კი გზა ეხსნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შემოღებას უსაფრთხო და კარგად მართულ გარემოში. ნება მომეცით, ხაზი გავუსვა ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას, რიგის სამიტისათვის დავაკმაყოფილოთ მეორე ეტაპის ყველა მოთხოვნა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.