საქართველოსათვის 2014 წელი მნიშვნელოვანი მიღწევების წელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმა ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამ ისტორიულ მიზანთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკური ელიტა, ისე საზოგადოება ერთიანია.
"ჩვენ დიდად ვაფასებთ ღია დიალოგს პრეზიდენტ შულცსა და, ზოგადად, ევროპარლამენტთან. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები. ჩვენ ვაფასებთ ევროპარლამენტისა და პირადად ბატონი შულცის ურყევ მხარდაჭერას საქართველოსა და მისი ევროპული არჩევანისადმი. ევროპარლამენტი არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომლის ფასიც მნიშვნელოვნად გაიზარდა ლისაბონის შეთანხმების შედეგად ევროკავშირის ინსტიტუციონალურ არქიტექტურაში მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებისა და როლის გაზრდის კვალდაკვალ. ამ მხრივ, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია, წარმოადგენს რა ჩვენს ეროვნულ იდეასა და ცივილიზაციის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს. საქართველო უნიკალური ქვეყანაა აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრთა შორის, რადგან ჩვენში სახეზეა პოლიტკური ელიტის ერთიანობა და საზოგადოებრივი კონსენსუსი ამ ისტორიულ მიზანთან დაკავშირებით. საქართველოსათვის 2014 წელი არის მნიშვნელოვანი მიღწევების წელი. ასოცირების ხელშეკრულება წარმოადგენს საქართველოს ევროპეიზაციის გენერალურ გეგმას. ეს არის ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისადმი საქართველოს ერთგულების ქმედითი გამოხატულება, რომელიც ქმნის ურყევ საფუძველს ჩვენი ურთიერთობების წარმატებული განვითარებისათვის. ასოცირების ხელშეკრულება არ არის ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველო იმედის თვალით შეყურებს დეკემბერში ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, "რასაც ჩვენთვის უდიდესი საკანონმდებლო, პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს".
"გარდა ამისა, ეს იქნება პრეცედენტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული პარლამენტებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ასოცირების ხელშეკრულების სრულ განხორციელებას უახლოეს მომავალში. დღეს ასოცირების ხელშეკრულების ეფექტიან განხორციელებას უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ მივესალმებით ამ ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ნაწილობრივ განხორციელებას ამ მიზნით, და ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, მივაღწიოთ დროულ წინსვლას ამ პროცესში. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა კონკრეტული შედეგების დემონსტრირება რიგის სამიტისთვის", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.