ლაფანყურის სპეცოპერაციიის შესახებ საზოგადოებრივი საბჭოს დასკვნა ცნობილი 1 დეკემბერს გახდება

ლაფანყურის სპეცოპერაციიის შესახებ საზოგადოებრივი საბჭოს დასკვნა ცნობილი 1 დეკემბერს გახდება

როგორც „პირWელს“ საზოგადოებრივი საბჭოს წევრმა სოსო ცისკარიშვილმა განუცხადა, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშილი თავად გააჟღერებს ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებისთვის საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს.

"ამ თემასთან დაკავშირებით არსებული ანგარიში საზოგადოებას 1 დეკემბერს წარედგინება. ამ საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს სახალო დამცველი უჩა ნანუაშვილი თავად გააჟღერებს ინფორმაციას, რომელიც საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ აღნიშნული ანგარიშის პრეზენტაცია ჯერ კიდევ ზაფხულში იყო დაანონსებული და ისაუბრებს თუ არა სახალხო დამცველი დაგვიანების მიზეზებზე, სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, „რასაკვირველია, თავად ამ ანგარიშში  იქნება ინფორმაციები, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში იქნა მიღებული“.

ამასთან, საზოგადოებრივი საბჭოს წევრისთვის უცნობია, არსებობს თუ არა ანგარიშის რაიმე არასაჯარო დასკვნები.

„პრეზენტაცია საჯარო იქნება, ასე რომ, რაც იქ იქნება წარმოდგენილი, ცხადია, იქნება საჯარო, ყოველშემთხვევაში, ჩემთვის უცნობია, არსებობს თუ არა რაიმე არასაჯარო დასკვნები. ყოველშემთხვევაში, ამ საბჭოს წევრები იქნებიან თავისუფალნი, რომ საკუთარი ვარაუდებიც გამოთქვან“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით, ანგარიშის მთავარი ადრესატი შსს და პროკურატურაა.

„შემდგომ უკვე საზოგადოებრივი მონიტორინგი პროცესისა, ალბათ, უფრო ეფექტური გახდება“, - დასძინა ცისკარიშვილმა, რომელიც დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

„ეს საქმიანობა ერთი წელი მიმდინარეობდა და დავიცადოთ ორიოდე კვირაც და ყველაფერი გაჟღერდება. არ  მგონია, რომ შეიძლება არსებობდეს რაიმე ტიპის დოკუმენტი ჩვენს ქვეყანაში, რომლის მიმართაც განსახავებული აზრის არარსებობა შეიძლება ვივარაუდოთ, ამიტომ დეკემბერის დასაწყისშივე საზოგადოებას ექნება საშუალება საკუთარი დამოკიდებულება გამოთქვას იმ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომი გახდება“, - განაცხადა ცისკარიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველო–დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში, საქართველოს შს სამინისტრომ  ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია 2012 წლის 28 აგვისტოს  გვიან ღამით დაიწყო.  მაშინდელი შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა.

ლაფანყურის სპეცოპერაციის შესწავლის მიზნით საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნა, რომელიც 12 კაცისგან შედგებოდა და მისი თავმჯდომარე საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილია.