თედო ჯაფარიძე კოლინ პაუელს შეხვდა

თედო ჯაფარიძე კოლინ პაუელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში თედო ჯაფარიძემ შეხვედრა გამართა აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან.

შეხვედრაზე რუსეთში, უკრაინასა და რეგიონის სხვა ქვეყნებში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება განიხილეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და აშშ-რუსეთის ურთიერთობებს. მხარეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების მდგომარეობის და მათი განვითარების თაობაზე.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ასევე შეხვდა მსოფლიო ბანკის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ზელიკს. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა რეგიონის მიმართ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფორმულირების თავისებურებები და გადადგმული მომავალი ნაბიჯები. საუბარი ასევე შეეხო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს, აშშ-სა და ევროპის როლს ამ კონფლიქტში, საქართველოს ინტეგრაციას ნატო-ში და რუსეთის შესაძლო პოლიტიკას რეგიონის ქვეყნების მიმართ.

აგრეთვე თედო ჯაფარიძემ შეხვედრა გამართა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწესთან პეიჯ ალექსანდერთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე USAID-ის პროექტები და დასახეს სამომავლო გეგმები.

სტრატეგიული და საერთშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) გაიმართა ერთდღიანი კონფერენცია სახელწოდებით: "რუსეთის მიმართ საგარეო პოლიტიკის ახალი მიდგომის ფორმულირება" (Formulating a New Foreign Policy Approach toward Russia). კონფერენციაზე მთავარი გამომსვლელი გახლდათ, 1977-1981 წლებში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, პროფესორი ზბიგნევ ბჟეზინსკი.

კონფერენციაზე შეფასებულ იქნა ევროპის უსაფრთხოების ახალი დინამიკა და ერთი წლის წინ მომხდარი უკრაინის ევრომაიდანის რევოლუციის შედეგები. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან 23 წლის მანძილზე ვერ მოხერხდა რუსეთის ინტეგრაცია დასავლეთში. შესაბამისად, საჭიროა ახალი და გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკის მიდგომის ჩამოყალიბება ამ მიმართულებით, სადაც აქტიურად ჩაერთვებიან პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოები.

კონფერენციის მესამე პანელი მიეძღვნა რუსეთის სამეზობლო პოლიტიკას და აშშ-ისა და ევროპის მიერ იმის გაცნობიერებას, თუ რას შეიძლება ელოდნენ რუსეთის ფედერაციისგან. მესამე პანელზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის საგარეო უთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე. იგი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს და ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის მზადყოფნას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. კონფერენციაზე აშშ-ისა და სხვა ქვეყნის მთავრობების აკადემიური და კვლევითი ცენტრების წამყვანი პირები და ექსპერტები ესწრებოდნენ.