"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ირმა ნადირაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კახა კალაძისა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის მიმართ გამოძიების დაწყებაზე უარი უთხრა. პროკურატურისგან მიღებულ შესაბამის წერილს ჯაფარიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასაჯაროვებს. ჯაფარიძე და ნადირაშვილი კალაძეს და თეიმურაზ შარაშენიძეს ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ.
"ჟურნალისტური ეთიკის საბჭომ დაადასტურა, რომ ბაქოში ჩემი და ირმა ნადირაშვილის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იყო გადაუმოწმებელი. საქართველოს პროკურატურა უარს ამბობს ამ საქმის გამოძიებაზე და აპელირებს ტყუილზე, თითქოს ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანის სამართალდამცავმა სტრუქტურამ. ასეთი რამ არ მომხდარა. პირიქით, აზერბაიჯანის შსს-მ დაადასტურა, რომ არანაირ დაკავებას, მილიონებს და ელექტროშოკებს ადგილი არ ჰქონია", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
ზურაბ ჯაფარიძის მიერ გამოქვეყნებულ პროკურატურის წერილში კი ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს.
"განხილულ იქნა, 2014 წლის 22 ოქტომბრის თქვენი ერთობლივი განცხადება გამოძიების დაწყების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ინფორმაციის გავრცელება აზერბაიჯანის სამართალდამაცვი ორგანოს წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეების შესაძლო დანაშაულში მხილების შესახებ არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამდენად, განცხადებაში დაფიქსირებულ ფაქტებზე და გარემოებებზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
განცხადების შეტანისას ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურას უნდა დაედგინა თუ რის საფუძველზე დასწამა ცილი ნადირაშვილსა და ჯაფარიძეს და ელჩმა რის საფუძველზე გააკეთა ის განცხადებები, რომელიც მათ აზერბაიჯანში დაკავებას ეხებოდა.
"საჩივარი შეეხება ცილისწამებას, რომელიც გამოთქმული იყო ჩემი და ზურაბ ჯაფარიძის მიმართ, ჩვენ ისედაც ვაპირებდით ჩივილს, უბრალოდ ველოდებოდით ქარტიის საბჭოზე ამ თემის განხილვას და ამის თაობაზე ვთქვით კიდევაც. ჩაატარებს პროკურატურა გამოძიებას და დაადგენს რის საფუძველზე დაგვწამა ცილი კახი კალაძემ, ან მე, ან ზურაბ ჯაფარიძეს და რის საფუძველზე გააკეთა ელჩმა ის განცხადებები, რომელიც გააკეთა", - აღნიშნა ნადირაშვილმა.