ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი აშშ-ს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიუროს (INL) ხელმძღვანელს, კეროლ პერეზს შეხვდა.
შეხვედრის ძირითად თემას მიმდინარე წლის ივნისში ხელმოწერილი აშშ-ს საელჩოსა და სასასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა წარმოადგენდა.
აღნიშნული მემორანდუმით გათვალისწინებულია აშშ-ს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო (INL) მიერ 2-წლიანი პროექტის განხორციელება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში.
პროექტის ძირითადი მიზნებია საქართველოში თანამედროვე და ჰუმანური სასჯელაღსრულების პრაქტიკის დანერგვა, მულტიდისციპლინარული გუნდის დანერგვის ხელშეწყობა და სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა შესაბამისი მომზადება.
აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით აშშ-ს მთავრობამ 1 მილიონი დოლარი გამოყო, რომელიც აშშ-ს კონგრესმა მიმდინარე სექტემბრის თვეში დაამტკიცა.
კეროლ პერეზი სამინისტროში დაგეგმილი რეფორმით და სისტემის პრიორიტეტებით დაინტერესდა. მან კმაყოფილება გამოხატა, რომ რეფორმაში გათვალისწინებულია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და აღნიშნულ პროცესში მხარდაჭერისა და დახმარებისათვის მზადყოფნა გამოხატა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მიერ მომზადებული კადრები სისტემაში დარჩნენ და სხვებსაც გაუზიარონ მიღებული ცოდნა და გამოცდილება“ - განაცხადა კეროლ პერეზმა.
შეხვედრისას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა INL-ის ხელმძღვანელს ინფორმაცია მიაწოდა პენიტენციური ჯანდაცვაზე და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომლის მიხედვით, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული რეფორმები დადებითად შეფასდა. გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე.
„ჩვენი პრიორიტეტია, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში დაცული იყოს როგორც მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა, ისე თანამშრომელთა უფლებებიც. აღნიშნულ რეფორმაში ეს კომპონენტიც გათვალისწინებულია. ჩვენი სურვილია პენიტენციურ სისტემაში სამსახური უფრო პრესტიჟული და მიმზიდველი გახდეს“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შეხვედრის დასასრულს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა INL-ის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებაში გაწეული დახმარებისათვის და იმედი გამოთვა, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.