ალასანიამ ყველაზე კარგად იცის, რომ გამოძიებაში არავინ ერევა

ალასანიამ ყველაზე კარგად იცის, რომ გამოძიებაში არავინ ერევა

მწამს, ბატონმა ალასანიამ ყველაზე კარგად იცის, რომ გამოძიებაში არავინ ერევა და ისიც ძალიან კარგად იცის, რომ სასამართლო არის სამართლიანი , დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას დღევანდელი განცხადებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც ალასანიამ პროკურატურას ბოლო გაფრთხილება მისცა.

სესიაშვილის თქმით, მას არ ჰგონია, პროკურატურამ დაუშვას, რომ თავდაცვის სამინისტროს რეზონანსულ საქმეში რაიმე შეცდომა გაიპაროს.

"პირველ რიგში, ყველამ უნდა დავიცვათ ის წესები რაც დადგენილია კანონმდებლობით. თუ გამოძიებაში რომელიმე მხარე თავს დაჩაგრულად მიიჩნევს, ან არ ხდება მისი უფლებების რეალიზება, მათ შეუძლიათ მიმართონ შესაბამის უწყებებს და პროცედურულად დაიცვან საკუთარი ინტერესები. მე არ მგონია, სახელმწიფომ, პროკურატურამ დაუშვას, რომ ამ ძალიან რეზონანსრულ საქმეში რაიმე შეცდომა გაიპაროს. მხარეებს მოვუწოდებთ, კანონით დადგენილი ნორმები დაიცვან, ხოლო პოლიტიკოსებს ვთხოვთ და მოვუწოდებთ, რომ ამ შემთხვევაში ზედმეტი პოლიტიზირებით ჩვენს ქვეყანას ნუ ვავნებთ. დარწმუნებული ვარ, ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა უწყება დაიცავს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და ყველაფერი სამართლიანად განხორციელდება. მე ასევე მწამს, რომ ბატონმა ალასანიამ რომელიც იყო მთავრობაში, ყველაზე კარგად იცის, რომ გამოძიებაში არავინ ერევა, და ისიც ძალიან კარგად იცის, რომ სასამართლო არის სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს პროკურატურას ბოლო გაფრთხილება მისცა. მისი თქმით, თუ არაფერი შეიცვლება ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით, ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოებას ჩართავს.