განათლების კომიტეტმა

განათლების კომიტეტმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

სტატუსების მიხედვით მასწავლებელთა ოთხ კატეგორიად დაყოფის სქემა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დღის წესრიგში რჩება, თუმცა ის "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ასახული არ იქნება.

განათლების სამინისტრო და პარლამენტის შებამისი კომიტეტი აღნიშნულ თემაზე განგრძლივი დისკუსიისა და დებატების შემდეგ, პარლამენტის მიერ ზოგადი ჩარჩო-კანონის მიღებაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ჩაიწერება, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებული მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემა სპეციალურ სახელმწიფო კომისიას წარედგინება და შემდეგ მას მთავრობა დაამტკიცებს.

ამ თვალსაზრისით კი, შეჯერებული კანონპროექტი პარლამენტში წარდგენილი პირვანდელი ვარიანტის თითქმის ანალოგიურია, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ სქემის შემუშავების პროცესს ახალი რგოლი - სახელმწიფო კომისია ემატება.

სტატუსების მიხედვით მასწავლებელთა ოთხ კატეგორიად – პრაქტიკოს, უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებად დაყოფა პროექტის პირვანდელ ვარიანტშიც არ იყო ასახული. ასეთი სქემის შემოღების თაობაზე მხოლოდ კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში ეწერა. მოგვიანებით, კომიტეტის მოთხოვნის გათვალისწინებით, აღნიშნული სქემა კანონპროექტში აისახა, თუმცა მასწავლებელთა ამგვარი გრადაციის გეგმა განათლების კომიტეტის თავმჯდომარის და კომიტეტის სხვა წევრებისთვის პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა. კომიტეტი დაახლოებით ორი კვირის წინ ალტერნატიული საკანონმდებლო წინდადებითაც გამოვიდა, რომლის მიხედვით, მასწავლებელთა ოთხი სტატუსის ნაცვლად, სკოლებში პედაგოგებისთვის სამი სახის - მასწავლებლის, უფროსი მასწავლებლის და წამყვანი მასწავლებლის თანამდებობები იქნებოდა შემოღებული. ეს ინიციატივა კი, სამინისტრომ არ გაიზიარა.

საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ კანონში მხოლოდ ის ჩაიწერება, რომ მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემას სამინისტრო მოამზადებს, წარუდგენს სახელმწიფო კომისიას და შემდეგ მას მთავრობა დაამტკიცებს.