დეპუტატები სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას ქუდის მოხდის საკითხზე ვერ თანხმდებიან

დეპუტატები სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას ქუდის მოხდის საკითხზე ვერ თანხმდებიან

პარლამენტში ვერ თანხმდებიან, სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას მამაკაცებისათვის სავალდებულო წესად დარჩეს თუ არა ქუდის მოხდა. დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე დაფიქსირდა, სადაც "საქართველოს სახელწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესის განსაზღვრის შესახებ" პარლამენტის დადგენილების პროექტზე იმსჯელეს.

საკითხის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახელწიფო სიმბოლიკასთან დაკავშირებული თემები, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებებით რეგულირდება, პარლამენტის დადგენილებით იქნება განსაზღვრული. ამ მიმართულებით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა რამდენიმე დადგენილების პროექტი მოამზადა, მათ შორის ჰიმნის შესრულებასთან დაკავშირებულ წესებზე.

პრეზიდენტის ბრძანებულების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს სავალდებულოა ფეხზე ადგომა, ხოლო მამაკაცებისათვის – ქუდის მოხდა, გარდა სამხედრო პირებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც კონფესიური დოგმის გამო ქუდის მოხდა არ შეიძლება. პარლამენტის დადგენილების პროექტით, ქუდის მოხდის სავალდებულო წესი მამაკაცებისთვის უქმდება.

როგორც ამასთან დაკავშირებით საკომიტეტო განხილვისას პროექტის ავტორმა გიორგი კახიანმა განაცხადა, მამაკაცებისათვის ქუდის მოხდის ვალდებულების ნორმატიული აქტით განსაზღვრა მოძველებული მიდგომაა, რადგან ჰიმნის შესრულების დროს ადამიანი ფეხზე ისედაც დგება, ისედაც იხდის ქუდს, ასევე გულზე იდებს ხელს და ცდილობს აჰყვეს ჰიმნს, იმის მიუხედავად, რომ ეს არსად წერია. დისკუსიისას აღინიშნა ისიც, რომ ეს არის მოქალაქეობრივი შეგნების საკითხი და მაგალითად, ქუდს ყველა იხდის ეკლესიაში შესვლისას, ან "პანაშვიდზე", ამ წესის კანონში არარსებობის მიუხედავად.

ამ პოზიციას კომიტეტის სხდომაზე ოპონენტებიც გამოუჩნდნენ ნუკრი ქანთარიასა და თამაზ ჯაფარიძის სახით. მათი აზრით, ქუდის მოხდის ვალდებულება პარლამენტის დადგენილებით უნდა შენარჩუნდეს, რადგან ეს არის პატივისცემის გამოხატვის ფორმა, რაც შესასრულებლად სავალდებულო უნდა იყოს.